28.11.2024 | 12:46
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
შემოსავლების სამსახური ქვეყანაში სანქცირებული ტვირთების გადაადგილების კონტროლთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური განცხადებას ავრცელებს.

უწყება ერთ-ერთი ტელეკომპანიის მიერ, ქვეყანაში სანქცირებული ტვირთების გადაადგილების კონტროლთან დაკავშირებულ სიუჟეტს ეხმაურება და განმარტავენ, რომ არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც მტკიცებით ფორმაში არის გაცხადებული, თითქოს სანქცირებული საქონელი საქართველოს ტერიტორიაზე უკონტროლოდ შემოდის.

როგორც შემოსავლების სამსახურში განმარტავენ, სანქცირებული პროდუქციის მკაცრი კონტროლის ფარგლებში, საბაჟო დეპარტამენტის მიერ, დამატებით შექმნილია ახალი საბაჟო რისკების მართვის პროფილები ყველა იმ ნაწარმზე, რომელიც მოხვედრილია სანქციების სიაში.

"საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს სურს გამოეხმაუროს ერთ-ერთი ტელეკომპანიის მიერ, ქვეყანაში სანქცირებული ტვირთების გადაადგილების კონტროლთან დაკავშირებულ სიუჟეტს. აღსანიშნავია, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც მტკიცებით ფორმაში არის გაცხადებული, თითქოს სანქცირებული საქონელი საქართველოს ტერიტორიაზე უკონტროლოდ შემოდის.

შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ სანქცირებული პროდუქციის მკაცრი კონტროლის ფარგლებში, საბაჟო დეპარტამენტის მიერ, დამატებით შექმნილია ახალი საბაჟო რისკების მართვის პროფილები ყველა იმ ნაწარმზე, რომელიც მოხვედრილია სანქციების სიაში.

ამასთან, განსაკუთრებულ კონტროლს ექვემდებარება ევროკავშირის ქვეყნებიდან, ამერიკის შეერთებული შტატებიდან, დიდი ბრიტანეთიდან და სანქციების მონაწილე სხვა ქვეყნებიდან შემოსული ან ამ ქვეყნების წარმოშობის სერტიფიკატის მქონე სანქცირებული საქონლის იმპორტი/რეექსპორტი რუსეთში ან სხვა ქვეყანაში და პირიქით. ასევე, მკაცრად კონტროლდება საქართველოში გაიმპორტებული სანქცირებული საქონლის ექსპორტის შემთხვევებიც, რათა არ მოხდეს რუსული ან სხვა სანქცირებული საქონელი სანქციების მონაწილე ქვეყნებში ან პირიქით.

აქვე განვმარტავთ, რომ შემოსავლების სამსახურის მიერ გადამოწმების შედეგად, საერთაშორისო სანქციები სიუჟეტში აღნიშნულ კომპანიაზე (კომპანია ,,მიროტორგი"), ტვირთზე და მის მფლობელებზე არ ვრცელდება (ინფორმაცია ხელმისაწვდომია ღია წყაროებით). აღნიშნულიდან გამომდინარე, საბაჟო კონტროლის პროცედურების დასრულების შემდეგ, ტვირთი კანონმდებლობის შესაბამისად მოექცა იმპორტის პროცედურაში.

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური კიდევ ერთხელ მოუწოდებს ყველას თავი შეიკავონ ქვეყანაში ტვირთების კონტროლთან დაკავშირებით, დაუსაბუთებელი და ქვეყნისთვის საზიანო ინფორმაციის გავრცელებისგან", - აღნიშნულია ინფორმაციაში.

დღის გადაცემები