შერიგების თემის აქტუალიზაციას თან დაერთო სალომე ზურაბიშვილის ინიციატივა. დეტალები კვლავ უცნობია, გაურკვეველია, როგორ აპირებს პრეზიდენტი მუდმივი დაპირისპირების რეჟიმში მყოფი პოლიტიკური სპექტრის ფონზე დეპოლარიზაციას. კონკრეტიკას სალომე ზურაბიშვილი არ ჩქარობს.
ოპოზიცია პრეზიდენტის განცხადების შინაარს იზიარებს, თუმცა შესრულების პროცესს სკეპტიკურად უყურებს. მიზეზი "ნაციონალური მოძრაობისა" და "ქართული ოცნების" პოზიციაა.
პარტია, რომლის პატიმარი ლიდერიც შერიგების ინიციატორია, შეთანხმებას სწორედ იმ პოლიტიკურ გუნდთან აპირებს, რომლებსაც მუდმივად სხვადასხვა, საკმაოდ სერიოზული ბრალდებებით უპირისპირდება. "ნაციონალური მოძრაობისთვის" შერიგება მიხეილ სააკაშვილის შეწყალებაზე გადის, რაც სალომე ზურაბიშვილისთვის კატეგორიულად მიუღებელია.
"პატრიოტთა ალიანსში" მიაჩნიათ, რომ "ნაციონალური მოძრაობისა" და "ქართული ოცნების" ფორმალური შერიგება ხელს არავის აძლევს, განსაკუთრებით ადამიანებს, რომლებიც წინა ხელისუფლებამ დააზარალა. გეგმა კი რომელიც შერიგების სახელით გახდა ცნობილი, კოჰაბიტაციის შეცვლილი ვერსიაა.