პირველ ეტაპზე, დამრღვევს "დრიფტისთვის" 30 ქულა დააკლდება და 300 ლარით დაჯარიმდება, განმეორებით შემთხვევაზე კი - 500 ლარით დაჯარიმდება და 35 ქულა დააკლდება , - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძემ ისაუბრა.
მან განმარტა საკანონმდებლო ცვლილებები, რომლებიც სამინისტრომ უკვე წარუდგინა პარლამენტს და რომელის განხილვაც საკანონმდებლო ორგანოში დაიწყო.
მისი თქმით, "დრიფტი" ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევაა და ახალი საკანონმდებლო ცვლილების მიხედვით შემოდის ჯარიმა და მართვის მოწმობაზე ქულების დაკლებაც.
"ე.წ. დრიფტიც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევა იყო. იმ საკანონმდებლო ცვლილების, რომელიც უკვე წარვუდგინეთ პარლამენტს და საშემოდგომო სესიაზე ეტაპობრივად დაიწყება მათი განხილვა, ერთ-ერთი კომპონენტი არის "დრიფტის" აკრძალვა, შემოდის ჯარიმა და გარდა ჯარიმისა, ქულების შემცირება. იცით, რომ მართვის მოწმობაზე ყველას აქვს 100- ქულიანი სისტემა. პირველ ეტაპზე, როდესაც "დრიფტით" დაკავდება ადამიანი, ჩამოაკლდება 30 ქულა და 300 ლარით დაჯარიმდება, ხოლო თუ შეჯახება მოჰყვა ან განმეორებით განახორციელა პირმა "დრიფტი", ამ შემთხვევაში 500 ლარით დაჯარიმდება და მართვის მოწმობაზე აკლდება 35 ქულა" - განაცხადა ალექსანდრე დარახველიძემ.