შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ალექსანდრე დარახველიძის განცხადებით, საქართველოში უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიგრაცია და მათი მხრიდან თავშესაფრის მოთხოვნაზე მიმართვა ბოლო პერიოდში მნიშვნელოვნად გაიზარდა.
მისივე თქმით, მომართვების რაოდენობა განსაკუთრებით მომატებულია კონფლიქტური რეგიონებიდან.
"კონფლიქტებიდან გამომდინარე, მომართვები განსაკუთრებით ბოლო პერიოდში გაიზარდა. რა თქმა უნდა, უკრაინიდან გვაქვს მომართვიანობის ზრდა. ასევე მოგეხსენებათ, რომ ავღანეთის კრიზისი იყო და შესაბამისად, მომართვებმა ასევე, სხვადასხვა კონფლიქტური რეგიონიდან მოიმატა. ცდილობენ მოქალაქეები საქართველოში შემოსვლას და თავშესაფრის მიღებას. გარდა ამისა, სამწუხაროდ, გვაქვს დაუსაბუთებელი თავშესაფრის მოთხოვნის ზრდა. ძირითადად, აფრიკის ქვეყნებიდან, აზიის გარკვეული სახელმწიფოებიდან. ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ თითოეული მათი მოთხოვნა დროულად განვიხილოთ და სწრაფადვე იქნას გაცემული პასუხი, თუმცა, რა თქმა უნდა, ზრდა ამ მიმართულებით არის და ჩვენ ამ ეტაპზე იმ მოთხოვნებს ვუმკლავდებით, რაც არის", - განაცხადა ალექსანდრე დარახველიძემ.