24.11.2024 | 22:48
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
შსს: საქართველო ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშის მიხედვით, შეფასების უმაღლეს საფეხურზეა და კვლავ ინარჩუნებს ადგილს პირველ კალათაში

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა 2022 წლის 19 ივლისს გამოქვეყნა ყოველწლიური ანგარიში მსოფლიოს მასშტაბით ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ სახელმწიფოების მიერ განხორციელებული ღონისძიებების შეფასების შესახებ, - ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს,

უწყების ცნობით, გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, საქართველო ადამიანით ვაჭრობის ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის შეფასების უმაღლეს საფეხურზეა და კვლავ ინარჩუნებს ადგილს პირველ კალათაში, რაც იმას ნიშნავს, რომ ქვეყანა სრულად
აკმაყოფილებს ტრეფიკინგთან ბრძოლის სტანდარტებს.

ანგარიშში პოზიტიურადაა შეფასებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში შესული ცვლილებები, რომელთა საფუძველზე შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაძლებლობა მიეცა, ტრეფიკინგის მსხვერპლები უზრუნველყოფილი იქნან მოწმისა
და დაზარალებულის კოორდინატორის სამსახურით.

ამავე დოკუმენტის თანახმად, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორები უფლებამოსილი არიან, საქმეში ჩაერთონ გამოძიების დაწყების მომენტიდან. ამასთანავე, საანგარიშო პერიოდში, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და პროკურატურის კოორდინატორებმა კვალიფიციური დახმარება გაუწიეს ტრეფიკინგის 8 მსხვერპლს და 10 მოწმეს.

ანგარიშში ასევე ნათქვამია, რომ ქვეყანაში ფუნქციონირებს ტრეფიკინგის წინააღმდეგ მებრძოლი არაერთი სპეციალიზებული დანაყოფი, მათ შორის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის შემადგენლობაში არსებული ტრეფიკინგისა და უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველო და 6 მობილური ჯგუფი. დოკუმენტში აგრეთვე ხაზგასმულია აჭარის რეგიონში მოქმედი სპეციალისტთა ჯგუფის - ე.წ. TASK FORCE-ის საქმიანობა, რომელიც დაკომპლექტებულია სპეციალიზებული გამომძიებლებითა და პროკურორებით.

ანგარიშში პოზიტიურადაა შეფასებული საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტსა და შრომით ინსპექციას შორის განახლებული მემორანდუმის გაფორმება, რომელიც მიზნად ისახავს იძულებითი შრომის შემთხვევების გამოვლენას, მობილური ჯგუფებისა და შრომითი ინსპექციის დანაყოფების მიერ ერთობლივი შემოწმებების ჩატარების გზით.

გამოქვეყნებული დოკუმენტის თანახმად, კვლავაც დადებითად ფასდება შინაგან საქმეთა სამინისტროში ტრეფიკინგის დანაშაულთან საბრძოლველად მოქმედი ცხელი ხაზის ფუნქციონირება, სადაც შესაძლებელია ტრეფიკინგთან დაკავშირებით
ზარების განხორციელება.

ანგარიშში ხაზგასმულია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის ყველა კურსანტი გადის ტრეფიკინგის საკითხებზე საბაზისო სასწავლო კურსს. აგრეთვე მითითებულია, რომ საერთაშორისო ორგანიზაციების ფინანსური და ტექნიკური მხარდაჭერით განხორციელდა გამომძიებლების, მობილური ჯგუფების წევრების, სასაზღვრო პოლიციის, პროკურორების, შრომის ინსპექტორების, მოწმეთა და დაზარალებულთა კოორდინატორების გადამზადება ტრეფიკინგის დანაშაულთან
ბრძოლის საკითხებზე. დოკუმენტში საუბარია იმ გარემოებაზეც, რომ საქართველოს ხელისუფლება ვერ ახორციელებს ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე.

ანგარიშს ტრადიციულად თანდართული აქვს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ მომზადებული რეკომენდაციები, რომლებიც მიზნად ისახავს ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის გაძლიერებასა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა დაცვის გაუმჯობესებასზე", - ნათქვამია ინფორმაციაში.

დღის გადაცემები