პეკინსა და მოსკოვს შორის კარგი ურთიერთობები აუცილებელია ამ არასტაბილურ მსოფლიოში, - ამის შესახებ ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჩინ განგმა ქვეყნის საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებზე საუბრისას განაცხადა.
"რაც უფრო არასტაბილური ხდება მსოფლიო, მით უფრო აუცილებელია ჩინეთისა და რუსეთისთვის ურთიერთობების სტაბილურად განვითარება", - აღნიშნა ჩინეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.
მისი მტკიცებით, უკრაინაში კონფლიქტის მოსაგვარებლად სამშვიდობო მოლაპარაკებების პროცესი რაც შეიძლება მალე უნდა დაიწყოს, რადგან "სანქციები და ზეწოლა პრობლემას ვერ გადაჭრის".
”უკრაინის კრიზისი კრიტიკულ მომენტამდე მივიდა. ან საომარი მოქმედებები შეჩერდება, მშვიდობა აღდგება და კონფლიქტის პოლიტიკური მოგვარების პროცესი დაიწყება, ან ცეცხლზე ნავთი დაესხმევა და კრიზისი კიდევ უფრო გაფართოვდება და კონტროლიდან გამოვა", - აღნიშნა ჩინ განგმა.
ის აშშ-ის ხელისუფლების წარმომადგენლებსაც გამოეხმაურა, რომელთა განცხადებითაც ჩინეთი, სავარაუდოდ, რუსეთისთვის ლეტალური დახმარების მიწოდების საკითხს განიხილავს. ჩინ განგმა პეკინის მხრიდან რუსეთისთვის შესაძლო სამხედრო მხარდაჭერის აღმოჩენა აშშ-ის მიერ ტაივანისთვის იარაღის მიყიდვასთან გაათანაბრა.
"რატომ სთხოვს აშშ ჩინეთს, არ მიაწოდოს იარაღი რუსეთს, სანამ ის განაგრძობს იარაღს ტაივანს?" - აღნიშნა ჩინ განგმა და დასძინა, რომ აშშ-ის მაღალჩინოსნების მხრიდან ტაივანის საკითხში ჩარევა "აბსურდია".
"ეს მხოლოდ ჩინელი ხალხის საქმეა. არცერთ სხვა ქვეყანას არ აქვს მასში ჩარევის უფლება", - აღნიშნა ჩინ განგმა.