2024 წელს საქართველოს პარლამენტის არჩევნებში ამომრჩეველთა თითქმის 90% კენჭისყრაში მონაწილეობას ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით მიიღებს. აღნიშნულ ინფორმაციას ცესკო ავრცელებს.
მათივე ცნობით, იმ საარჩევნო უბნებზე, სადაც ტექნოლოგიები არ იქნება გამოყენებული, გაციფრულდება ბიულეტენები. შესაბამისი გადაწყვეტილება ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ დღეს გამართულ სხდომაზე მიიღო და განკარგულებით განსაზღვრა ის საარჩევნო უბნები, სადაც 2024 წელს არჩევნები ელექტრონული საშუალებების გამოყენებით ჩატარდება.
"დღეს ცესკომ ისტორიული მნიშვნელობის გადაწყვეტილება მიიღო, რომლის თანახმადაც, 2024 წელს გასამართი პარლამენტის არჩევნებისას, ამომრჩეველთა თითქმის 90% კენჭისყრაში მონაწილეობას ელექტრონული საშუალებების გამოყენებით მიიღებს. დარჩენილ საარჩევნო უბნებზე კი განხორციელდება ბიულეტენების გაციფრულება და შემთხვევითი შერჩევის პრინციპით საარჩევნო უბნების შედეგების გადათვლა. ეს მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ღიაობის და გამჭვირვალობის მაღალი სტანდარტის დადგენას საარჩევნო უბნებზე. აღსანიშნავია, რომ ეს მოცემულობა ხელს შეუწყობს ყველა ჩართულ მხარეს, მათ შორის პოლიტიკურ გაერთიანებებს, თავის მხრივ საარჩევნო ადმინისტრაციას, რომ წელიწადნახევრით ადრე მოემზადონ, დაგეგმონ და განახორციელონ აქტივობები 2024 წლის არჩევნებისთვის", - განაცხადა ცესკოს თავმჯდომარემ, გიორგი კალანდარიშვილმა.
ამასთან, გადაწყვეტილების მნიშვნელობაზე ისაუბრა ცესკოს თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი სიორიძემ.
"პირადად ჩემთვის ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, ამისთვის ვიბრძოდი ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც არ ვიყავი საარჩევნო ადმინისტრაციის წევრი. მეორე მხრივ, მნიშვნელოვანი იყო დღევანდელი სხდომა იმითაც, რომ პოლიტიკურ პარტიებს წელიწადნახევრით ადრე უკვე ეცოდინებათ ახალი საარჩევნო გეოგრაფია, რაც მისცემს მათ საშუალებას ადეკვატურად დაგეგმონ ყველა ის ღონისძიება, რომელიც აუცილებელია 2024 წლის პარლამენტის არჩევნებისთვის", - განაცხადა სიორიძემ.
ცესკოს წევრის, ივანე ნორაკიძის თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება ხელს შეუწყობს საარჩევნო პროცესის მიმართ ამომრჩეველთა ნდობის ამაღლებას.
"განსხვავებით საკანონმდებლო ჩანაწერისგან, გვაქვს პროგრესი. საკანონმდებლო ჩანაწერის მიხედვით ელექტრონული არჩევნები საქართველოში ჩატარდებოდა ამომრჩევლის მინიმუმ 70 პროცენტისთვის, ცესკოს დღევანდელი განკარგულებით კი დადგინდა, რომ ელექტრონული არჩევნები საქართველოში ჩატარდება ამომრჩევლის თითქმის 90 პროცენტისთვის. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მიღწევა, რადგან ელექტრონული არჩევნები ზოგადად ამარტივებს არჩევნების ადმინისტრირებას, უფრო მეტ სიზუსტეს სძენს მას და აქედან გამომდინარე, საბოლოო ჯამში იზრდება ნდობა საარჩევნო პროცესის მიმართ ამომრჩეველთა მხრიდან", - განაცხადა ივანე ნორაკიძემ.
"2024 წლის არჩევნები, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა, ელექტრონული საშუალებების გამოყენებით ჩატარდება ყველა თვითმმართველ ქალაქსა და თვითმმართველი თემების მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციული ცენტრების ტერიტორიაზე არსებულ ყველა საარჩევნო უბანზე, ასევე ზემოხსენებული მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე (გარდა მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრებისა) არსებულ იმ საარჩევნო უბნებში, სადაც რეგისტრირებულ ამომრჩეველთა რაოდენობა აღემატება 300 ამომრჩეველს და ამავდროულად შესაბამის საუბნო საარჩევნო კომისიის მისამართსა და საოლქო საარჩევნო კომისიის მისამართს შორის მანძილი არ აღემატება 20 კმ-ს. იმ საარჩევნო უბნებში კი, სადაც არ იქნება განთავსებული საარჩევნო ბიულეტენების ელექტრონული მთვლელი, საუბნო საარჩევნო კომისია ცესკოს დადგენილებით განსაზღვრული წესით საარჩევნო ბიულეტენების დათვლის პროცესში განახორციელებს საარჩევნო ბიულეტენების ციფრულ ფორმატში გადაყვანას შესაბამისი ელექტრონული მოწყობილობების საშუალებით. საარჩევნო ბიულეტენების ციფრულ ფორმატში გადაყვანილი ვერსია განთავსდება ინტერნეტ სივრცეში საარჩევნო უბნების მიხედვით და მათი გაცნობა შეეძლება ნებისმიერ დაინტერესებულ პირს.
აღნიშნული სამართლებრივი აქტის მიღებას წინ უძღოდა მთელი რიგი სამუშაოები, რომელიც საარჩევნო ადმინისტრაციამ საოლქო საარჩევნო კომისიების აქტიური ჩართულობით და მონაწილეობით გასწია, ასევე, ჩართულ მხარეებთან სხვადასხვა სამუშაო ფორმატში გამართული სამუშაო შეხვედრები, რომლებზეც განხორციელდა დოკუმენტის ძირითადი პრინციპების განხილვა და მოსაზრებების მოსმენა.
აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის გაზაფხულზე დაგეგმილი შუალედური/რიგგარეშე არჩევნებიც ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით და იმავე კრიტერიუმების მიხედვით ჩატარდება, რომელიც 2024 წლის პარლამენტის არჩევნებზე იმოქმედებს", - აღნიშნულია ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.