საარჩევნო კომისიის წევრების უფლებამოსილების გაზრდასთან და საოლქო კომისიის თავჯდომარეებად მართველი გუნდის წარმომადგენელთა დანიშვნასთან დაკავშირებით პარტია „ლელოს“ და პოლიტიკურ მოძრაობა „დროას“ წარმომადგენლების ბრალდებას ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში უპასუხეს. საარჩევნო ადმინსტრაცია მიიჩნევს, რომ საარჩევნო კომისიის მიმართ პოლიტიკური გაერთიანებების და გარკვეული მედიასაშუალებების მიერ მიზანმიმართულად ხორციელდება არასწორი ინფომრაციის გავრცელება და ინსტიტუციური ზიანის მიყენება.
„შესაბამისად, ტყუილია გავრცელებული ინფორმაცია, რომ საოლქო კომისიების თავმჯდომარეებად „ქართული ოცნებისთვის“ მისაღები ადამიანები ინიშნებოდნენ. რაც შეეხება საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის არჩევის წესს, პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებმა აქაც საზოგადოება შეცდომაში შეიყვანეს - შეგახსენებთ, საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეები არ ინიშნებიან და მათ არა ცესკო, არამედ თავად საოლქო საარჩევნო კომისიის წევრები ირჩევენ.
"კომისიის მდივნისთვის უფლებამოსილების გაზრდის მცდარ ბრალდებასთან დაკავშირებით აღსანიშნავია, რომ ცესკოში სტრუქტურული ცვლილებები განხორციელდა, რომლის ფარგლებშიც ცესკოს აპარატის ფუნქციები განახლდა და სტრუქტურული ერთეულების საქმიანობა იმგვარად დახარისხდა, რომ ხელი შეეწყოს საარჩევნო ადმინისტრაციის შემდგომ პროფესიულ განვითარებას. მათ შორის, შეიქმნა ცესკოს მდივნის აპარატი ცესკოს მდივნისთვის განსაზღვრული საკანონმდებლო უფლებამოსილების ფარგლებში იმ ფუნქციებისთვის, რაც წლების მანძილზე რეგულირდება საარჩევნო კანონმდებლობით. შესაბამისად სიცრუეა გავრცელებული ინფორმაცია, რომ ცესკოს მდივნის უფლებამოსილება გაიზარდა და სწორედ დისკრედიტაციული კამპანიის ნაწილია ამ თემით მანიპულირებაც.
აღსანიშნავია, რომ პოლიტიკოსების განცხადებაში არაერთი უზუსტობა იყო; მაგალითად, არასწორად იყო დასახელებული საარჩევნო ადმინისტრაციის ხელმღვანელი პირების სტატუსი, მათ შორის ცესკოს მდივნის ნაცვლად თავმჯდომარის მოადგილე, ხოლო ცესკოს წევრის ნაცვლად - ცესკოს იურისტი, ასევე გლდანის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარედ სხვა პირი იქნა დასახელებული“, - აღნიშნულია განცხადებაში.