24.11.2024 | 21:38
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
ხათუნა ხოფერია - "რა ვალი აქვს ირმას ასეთი თქვენი ან ჩემი, რომ ბულინგის ტოლფასი "მეგობრული რჩევები" მოვახვიოთ თავზე?!"

პარლამენტის ყოფილი წევრი ხათუნა ხოფერია საკუთარ ფეისბუქ გვერდზე მიმართვას ავრცელებს:

"ჩემო მეგობრებო!

ხომ მწერთ სიმართლეს ამბობო, ჰო და, ამ ერთ სიმართლესაც გეტყვით!

გეტყვით იმას, რაც ვიცი, რაზეც მიფიქრია და რაშიც დარწმუნებული ვარ!

ეს 2 დღეა გამალებული მიმართვები, თხოვნები, საყვედური ისმის "პატრიოტთა ალიანსის" მიმართ. უფრო მეტად, ირმა ინაშვილის მიმართ!

უნდა შეხვიდე პარლამენტში, უნდა დაივიწყო წყენა, უნდა , უნდა, უნდა...

მაპატიეთ, მაგრამ ვის უნდა?... რატომ უნდა?... რა ვალი აქვს ამ გოგოს ასეთი თქვენი ან ჩემი, რომ ბულინგის ტოლფასი "მეგობრული რჩევები" მოვახვიოთ თავზე?!

რა იყო, რაიმე შეეშალა?

 

 

დღეს, "ქართულ ოცნებას" სერიოზული პრობლემები აქვს. დიახ, მას სჭირდება იდეოლოგიურად, მენტალურად მის ამომრჩეველთან ახლოს მდგარი პოლიტიკური ძალა, რომელიც მოპოვებულ "გამარჯვებას" და ლეგიტიმაციას სიმძიმეს და სიმყარეს შემატებს. არაფერს ვამბობ ხმებზე, რომელიც 2/3-ისთვისაა საჭირო. აბა, წარმოიდგინეთ, ამ 2/'3-ის შევსება "გირჩით"......... კატასტროფაა ხომ?... ან ადეიშვილის მოადგილე ვაშაძით... ან დასაჭერი, სოროსის ფულით გამოკვებილი, ანაკლიის აფიორაზე დახარჯული საბიუჯეტო ფულებით გათხვრილი "ლელოთი"... რა თქმა უნდა, ეს "ოცნებამ" კარგად იცის. ეს "ოცნებამ" კარგად იცოდა მაშინაც, როდესაც "ალიანსის" სრულ დისკრედიტაციას ახდენდა. კობახიძის მხრიდან მიყენებული შეურაცხყოფები, შმატრიოტების, გოიმების, რუსეთუმეების ძახილი არაფერია იმასთან, რაც ასი ათასობით ხელმომწერის მიერ მოთხოვნილი ნაციონალური მოძრაობის გაუქმების შესახებ შეტანილ პეტიციას მოყვა... ეს იყო ირმას და "ოცნების" მხარდამჭერებისთვის სახეში შეფურთხება!!! დიახ, ჩემთვის ასე იყო და ვინმე თუ სხვაგვარად ფიქრობს, 27%-იან ნაცდამნაშავეებს ებარებოდეს!

 

 

ან ის რა იყო, სრულიად უწყინარ ქმედებას, ხატის ჩაბრძანებას ილორში, ერთი ვაი-ვიში რომ მოაყოლეს "მეგობრებმა?!" რა მოხდა ასეთი?... დავით გარეჯი გაყიდა?... ომი დაიწყო?... თუ გავრილოვის ღამის პროვოცირება მოაწყო?... თუ "პოლიტპატიმრები " გამოუშვა, თუ თეთრი ხმაურის აქცია დააფინანსა?...

რა შეეშალა ირმას?

რა დააშავა ირმამ?

იქნებ ის, 2012-ში ციხის კადრების გამო ოჯახიც, მეგობრებიც და საკუთარი სიცოცხლეც რომ გაიმეტა?!

ან ის, ქვეყნის კონსტიტუციის მიღებაში რომ გვერდით დაუდგა სახელმწიფოს?!

ან ის, ერთი დღითაც რომ არ შეუწყვეტია ჩვენი ქვეყნის მტრებთან ბრძოლა?!

ააა, ახლა როგორ დაემთხვა მისი პოზიცია იმ ავად სახსენებლების პოზიციასო, მეტყვით!

დაემთხვა!!! დაამთხვიეს!!! "გაუჩალიჩეს!!!

უნდა გადაყლაპოს ხო?... არც უნდა თქვას... არც უნდა გააპროტესტოს....

რა ვალი აქვს ასეთი ჩვენი, მისი მეგობრების, რომ საკუთარი ღირსების და პოლიტიკური შეხედულებების დაცვის უფლებასაც არ ვაძლევთ?....

ჰო, კიდევ, რუსეთში დადიოდნენ შეხვედრებზეო...

 

 

როდის ერთხელ წავიდა ისე, რომ საჯაროდ, ტელევიზიით არ მოგვმართა, წინასწარ არ გვამცნო, არ გვითხრა ვის და რისთვის ხვდებოდა?! ან ჩამოსულზე ანგარიში არ ჩაგვაბარა და შედეგები არ გვაუწყა? არა, ეტყობა, ბოკერია, სააკაშვილ, სოროს, ბრაიზა, ბაიდენისთვის უნდა შეეთანხმებინა და "ნამესტნიკების" ჭკუაზე ევლო, ან ამ კრიმინალების შემოგდებული ნარატივების გამო არც უნდა ეცადა ქვეყნისთვის რაიმე სიკეთის ქმნა...

 

 

რა ვიცი, იქნებ ურჩიოთ, პარტია გააუქმოს... რაღა საჭიროა, ხომ დალაგდა ყველაფერი ნაცებთან....

აი, ხომ გახსოვთ ის ლექსი, მე რომ ძალიან მიყვარს:

ღმერთმა ჭირი გვაშოროს და შოთას ფრესკა არვინ შალოს!

ეი, ბიჭო, სამშობლოსთან არაფერი შეგეშალოს!

ჰო და, თუ ვინმეს არაფერი შეშლია სამშობლოსთან, ეს ირმაა!!! ეს გულიანი, თვითნაბადი, ვაჟკაცი ქალი, უსაზღვროდ შეყვარებული თავის საქართველოზე!

ირმა, შენ უკეთ იცი, რა უნდა გააკეთო და რა - არა!

მე გენდობი! შენ ჩემი მეგობარი ხარ!

დანარჩენ "პოლიტიკოსებს" კი ვეტყვი:

ეი, ბიჭო, სამშობლოსთან არაფერი შეგეშალოთ!" - წერს ხათუნა ხოფერია.

 

დღის გადაცემები