განსაკუთრებით შემაშფოთებელი ისაა, რომ საელჩო თავის აგენტურას დღეს პოლარიზაციისთვის, ხალხის ნების წინააღმდეგ ხელისუფლების შეცვლისა და მეორე ფრონტის გახსნის მცდელობისთვის იყენებს, - ამის შესახებ საზოგადოებრივი მოძრაობა "ხალხის ძალის" მორიგ წერილშია ნათქვამი.
"ვერავინ დაგვაჯერებს, რომ ამ საქმეში აგენტები საელჩოს მხოლოდ ბრმად მიყვებიან და ქვეყანას შეგნებულად არ ვნებენ. ეს ფაქტი აგენტების უღირსობას განსაკუთრებული სიმძაფრით წარმოაჩენს.
აქვე განვმარტავთ, რომ ჩვენს მიერ ნახსენებ წერილში გამოქვეყნებული აგენტურის სია მცირე კორექტირებას საჭიროებს და არასრულია. ამასთან, აღნიშნულ სიაში მხოლოდ იმ ადამიანების გვარებია მოცემული, რომელთა უმეტესობის აგენტობა საზოგადოებაში რაიმე არსებითი დისკუსიის საგანი ვერ გახდება. საჭიროების შემთხვევაში, საზოგადოებას მივაწვდით ჩვენს ხელთ არსებულ მეტ ინფორმაციას აგენტების თემაზე, რათა საზოგადოებას ჰქონდეს რაც შეიძლება ფართო ინფორმაცია იმ ადამიანების შესახებ, რომლებიც არა საკუთარი, არამედ სხვა სახელმწიფოს სამსახურში დგანან.
ამ შემთხვევაშიც, ჩვენი მიზანი არა ვინმეს პერსონალური მხილება, არამედ ხალხისთვის სიმართლის გაზიარება და ამით, ჩვენი ქვეყნისა და სახელმწიფოს ინტერესების დაცვაა, რაც ქართული საზოგადოებისადმი ჩვენი მთავარი დაპირება იყო. ღრმად გვწამს, რომ არსებული საფრთხეების განეიტრალება მხოლოდ სიმართლით აღჭურვილი ხალხის ძალით არის შესაძლებელი" - წერია განცხადებაში.