24.11.2024 | 19:43
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
"ხალხის ძალა" - საქართველოში აშშ-ს საელჩო ქართულ სასამართლო სისტემაზე გავლენის მოპოვებას USAID-ის კანონის უზენაესობის პროექტის - "პროლოგის" მეშვეობით ცდილობს

მოძრაობა "ხალხის ძალის" შეფასებით, საქართველოში აშშ-ს საელჩო ქართულ სასამართლო სისტემაზე გავლენის მოპოვებას USAID-ის კანონის უზენაესობის პროექტის - "პროლოგის" მეშვეობით ცდილობს.

"ხალხის ძალა" მორიგ განცხადებაში "პროლოგის" ხელმძღვანელის მოადგილის, ინგა თოდრიას მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტს ეხმაურება და აცხადებს, რომ "პროლოგი" კონსტიტუციური ორგანოს - იუსტიციის უმაღლესი საბჭოს "არაღიარების პოლიტიკითაა" დაკავებული.

"პროლოგი" საქართველოში უკვე მრავალი წელია საქმიანობს. სწორედ საელჩოს ძალისხმევით ჩააბარეს 1998-2001 წლებში ე.წ. სასამართლო რეფორმა მიხეილ სააკაშვილს. ასევე მათი მხარდაჭერით განხორციელდა "ნაცმოძრაობის” მიერ სასამართლო სისტემის წმენდა 2004-2005 წლებში, რომლის შედეგად კონსტიტუციის დარღვევით თანამდებობიდან ათეულობით მოსამართლე გათავისუფლდა და სააკაშვილი-ადეიშვილის ტანდემმა მართლმსაჯულებაზე სრული პოლიტიკური კონტროლი დაამყარა. აღნიშნული წმენდის არაკონსტიტუციურობის მიუხედავად, საერთაშორისო პარტნიორებს ამ პროცესის მიმართ არავითარი შენიშვნა არ გამოუთქვამთ. 2004-2012 წლებში სასამართლო ისე იქცა ნაცმოძრაობის რეპრესიული რეჟიმის ერთ-ერთ მთავარ რგოლად, რომ საელჩო ამაზე არათუ ხმას არ იღებდა, პირიქით, სისტემის მთავარ მფარველად გვევლინებოდა.

სასამართლო სისტემაზე თავდასხმა "პროლოგმა" მხოლოდ 2015 წლის შემდეგ დაიწყო, როდესაც სისტემა "ნაცმოძრაობის” გავლენებისგან საბოლოოდ გათავისუფლდა. ფაქტია, რომ სააკაშვილი-ადეიშვილის სასამართლოს მთავარ მფარველებს გაჯანსაღებული სასამართლო სისტემა არ მოსწონთ, რისი მიზეზიც მხოლოდ ერთი - პოლიტიკური ინტერესი შეიძლება იყოს. დღეს "პროლოგი" ითხოვს უპრეცედენტო ცვლილებებს კანონმდებლობაში, რომელთა ერთადერთი მიზანი სასამართლო სისტემაზე "ნაცმოძრაობის” გავლენის დაბრუნებაა. შემოთავაზებულ ცვლილებებს შორის მთავარი ე.წ. კვალიფიციური უმრავლესობის წესია, რომელიც რადიკალურ ოპოზიციას სასამართლოსთან დაკავშირებულ საკადრო გადაწყვეტილებებზე ვეტოს უფლებას ანიჭებს.

მათ უნდათ საქართველოში მიიღონ შედეგი, რომელიც ალბანეთსა და უკრაინაში უკვე მიიღეს. ორივე შემთხვევაში, შეიქმნა სასამართლო სისტემის წმენდისა და ხელახალი ფორმირების მექანიზმი, რომელშიც გადამწყვეტი სიტყვა უცხოელებს ეთქმით. ანუ სახელმწიფო თმობს სუვერენიტეტს და სასამართლოს მართვის ბერკეტებს, ფორმალურადაც კი, უცხოურ ძალას გადასცემს. შესაბამისი კანონმდებლობის არაკონსტიტუციურობის მიუხედავად, ვენეციის კომისიას არც ალბანურ და არც უკრაინულ მოდელზე შენიშვნები არ გამოუთქვამს.

სამაგიეროდ, საჯარო წყაროებში ხელმისაწვდომია რამდენიმე სენატორის მიერ თავის დროზე ამერიკის პრეზიდენტისთვის გაგზავნილი წერილი, რომელშიც ისინი დეტალურად აღწერენ, თუ როგორ ჩაუგდეს ხელში USAID-მა, სოროსის ფონდმა და "ისტ-უესტ მენეჯმენტ ინსტიტუტმა" სასამართლო სისტემა ალბანეთის სოციალისტურ მთავრობას, რომელიც მთლიანად ამერიკელების მიერ კონტროლდებოდა. საინტერესოა, რომ "პროლოგის" პროექტსაც საქართველოში USAID-ი კურირებს და "ისტ-უესტ მენეჯმენტ ინსტიტუტი" ახორციელებს.

არსებითად სწორედ "პროლოგის" მეშვეობით ცდილობს საელჩო ქართულ სასამართლო სისტემაზე გავლენის მოპოვებას, რისი ერთ-ერთი მექანიზმიც "ნაცმოძრაობასთან” დაკავშირებული მოსამართლეების ამერიკული ვოიაჟებითა და მსგავსი ტიპის ღონისძიებებით პერმანენტული წახალისებაა. ამგვარ მოსამართლეებს შორის არიან, მაგალითად, ნინო ბაქაქური და მამუკა წიკლაური, რომელთაგან ერთი უხეში უდისციპლინობით, ხოლო მეორე სკანდალური გადაწყვეტილებებით გამოირჩევა.

"პროლოგი" აგრძელებს კონსტიტუციური ორგანოს - იუსტიციის უმაღლესი საბჭოს "არაღიარების პოლიტიკას", რაც ჩვენი კონსტიტუციური სისტემის მიმართ უპატივცემულობის უხეში გამოვლინებაა. ასევე "პროლოგის" დაფინანსებით წარმოებს სასამართლოს მადისკრედიტირებელი პიარკამპანიები და ხორციელდება სასამართლო სისტემის ე.წ. კლანად ბრენდირება საბჭოური პროპაგანდის მეთოდებით.

"პროლოგის" დაუფარავი მცდელობა, შეაღწიონ სასამართლო სისტემაში და მასზე საელჩოს და "ნაცმოძრაობის” პოლიტიკური გავლენა აღადგინონ, საზოგადოებამ სათანადოდ უნდა შეაფასოს და მას ხელისუფლებამ შესაბამისი ზომები უნდა დაუპირისპიროს.

საზოგადოებას ეტაპობრივად მივაწვდით შედარებით დეტალურ ინფორმაციას ამ თემის შესახებ, რათა ვერავინ მიიტაცოს საქართველოს სასამართლო სისტემა და ვერავინ დააბრუნოს ის მანკიერება, რომელმაც 2004-2012 წლებში ჩვენი ქვეყნის უამრავი მოქალაქის სიცოცხლე, ჯანმრთელობა და კეთილდღეობა შეიწირა.

ღრმად გვწამს, რომ ქართული მართლმსაჯულების დამოუკიდებლობის დაცვაც მხოლოდ სიმართლით აღჭურვილი ხალხის ძალას შეუძლია", - ნათქვამია "ხალხის ძალის" განცხადებაში.

ინფორმაციისთვის, "ხალხის ძალა" განცხადებით "პროლოგის" ხელმძღვანელის მოადგილის, ინგა თოდრიას შემდეგ პოსტს ეხმაურება: "მოვდუნდით 10 წლით და მივეცით ქვეყანა ოლიგარქს სამართავად. ბებერმა ევროპამ შეგვაღვიძა და დეოლიგარქიზაციის დრო მოვიდაო. ახლა გაღვიძება და ფეხზე დადგომა უკვე ჩვენზეა. ახლა გამოჩნდება რისი ტრ... გვაქვს".

 

დღის გადაცემები