"ჯანდაცვის ასოციაციაში", სადაც 130-მდე სამედიცინო დაწესებულებაა გაერთიანებული, აღნიშნავენ, რომ შესაძლოა, რიგმა სამედიცინო დაწესებულებამ ფუნქციონირება ვეღარ გააგრძელოს, თუ ჯანდაცვის სამინისტრო სხვადასხვა მომსახურებისთვის დადგენილ ტარიფს არ გადახედავს.
როგორც "ჯანდაცვის ასოციაციაში" განმარტავენ, 2013 წელს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დადგენილი ტარიფები ამ დრომდე არ შეცვლილა. არსებული ტარიფით კი კლინიკებს ხარისხიანი მომსახურების გაწევა უჭირთ. ამასთან, აღნიშნავენ, რომ სხვადასხვა მომსახურებისთვის დადგენილი ტარიფი გაწეული მომსახურების ხარჯს ვერ ფარავს.
როგორც ჯანდაცვის ასოციაციის წარმომადგენელი ნინო კიკნაძე განმარტავს, ჯანდაცვის მომსახურების ტარიფების ინდექსაციასთან დაკავშირებით ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებას კლინიკები ივლისში ელიან.
"როგორც იცით, საყოველთაო ჯანდაცვის ფარგლებში, 2013 წელს სხვადასხვა სამედიცინო მომსახურებისთვის ტარიფი გაიწერა. დღეს 2022 წელია და ეს ტარიფები უცვლელი რჩება. საყოველთაო ჯანდაცვაში ჩართულ კლინიკებსა და ჯანდაცვის სამინისტროს შორის მოხდა შეთანხმება მომსახურების ფასზე. წესით, ამ ფასის ცვლილება უნდა გაეკეთებინათ, თუმცა დღემდე არცერთ ნოზოლოგიაზე ფასი არ შეცვლილა.
ეს იმას ნიშნავს, რომ 2013 წელს კონკრეტული ოპერაციისთვის ექიმი თუ იღებდა X თანხას, დღეს, როდესაც ყველაფერი გაძვირებულია, სახარჯი მასალა, კომუნალურები და ასე შემდეგ, ისევ "X" ტარიფი რჩება. ამ ფასში ხარისხიანი მომსახურების გაწევა რთულდება. ბევრ პრობლემასთან არის დაკავშირებული, მათ შორის სამედიცინო დაწესებულებების ფუნქციონირების გაგრძელებასთან.
სამედიცინო დაწესებულებებს უჭირთ, ისინი თვითღირებულებას ფარავენ, მაგრამ ის რომ დანერგო ახალი ინოვაცია, ტექნოლოგიები, მაღალი მომსხურება გაუწიონ პაციენტს შეუძლებელია. ასოციაციის ფარგლებში 9 თვეა, რაც სამინისტროსთან ვთანამშრომლობთ. არაერთი მოდელი შევთავაზეთ, თუ როგორ უნდა იყოს დათვლილი ტარიფები, რათა მოხდეს პირველ რიგში რეანიმაციის და კარდიოლოგიური სერვისების ინდექსაცია. 9 თვეა შედეგ ვერ მივიღეთ. როგორც გვითხრეს, უნდა დაიდოს რეანიმაციის სტანდარტები და ვინც დააკმაყოფილებს ამ სტანდარტს მათი ინდექსაცია მოხდება. "ჯანდაცვის ასოციაციას" პარასკევს საღამოს გადმოგვეგზავნა რეანიმაციის სტანდარტების მონახაზი, რაც არ არის საბოლოო და ჩვენგან კომენტარს ელიან. ვფიქრობ, ეს ყველაფერი დროში გაიწელება. არ ვიცი როგორი იქნება ეს სტანდარტი და რამდენად იქნება რეგიონებში არსებულ კლინიკებთან შესაბამისი",- აღნიშნავს კიკნაძე.