ექსპერტი ანდრია გვიდიანი სოციალურ ქსელში ReMix-ის სტატიას აზიარებს, სადაც პოლონელი ევროპარლამენტარის განცხადებით, ე.წ. კატარგეითის სკანდალში, შესაძლოა, 100 დეპუტატი იყოს გარეული.
როგორც გვიდიანი წერს, იქნებ უფრო ლოგიკური იყოს, ქართული კანონპროექტების კრიტიკისთვის და დამნაშავეების ხელის დაფარებისთვის გამოყოფილი დრო საკუთარი სისტემების გაწმენდას და რეფორმირებას დაუთმონ.
მისივე თქმით, ევროპისთვის ეს არის უმძიმესი კორუფციული სკანდალი, რომელიც ანგრევს ევროპული ინსტიტუტების ავტორიტეტს და საქმიან რეპუტაციას.
"ევროპული კორუფციის სკანდალი შესაძლოა არა რამდენიმე, არამედ 100-მდე ევროპარლამენტარს შეეხოს. ევროპისთვის ეს არის უმძიმესი კორუფციული სკანდალი, რომელიც ანგრევს ევროპული ინსტიტუტების ავტორიტეტსა და საქმიან რეპუტაციას.
ყველა ლოგიკით, ინსტიტუტების იმიჯის გადასარჩენად, ამ კორუფციულ სკანდალზე ევროპას უმკაცრესი და ეფექტური რეაქცია უნდა ჰქონოდა. იმიტომ, რომ ევროპარლამენტში ქატარის გარდა, კიდევ უამრავი კორუფციული სქემა მუშაობს. მაგალითად, ქართულ რეალობაში ყველაზე ნათელი და აშკარა კორუფციული ამბავი სააკაშვილის მიმართ არსებული დამოკიდებულებაა. თუმცა, სამწუხაროდ, ამ და სხვა შემთხვევებზე კოლექტიური ევროპის რეაქცია ნულია. შესაბამისად, ასეთი ქეისების არსებობა აშკარად ადასტურებს, რომ ევროპარალამენტში კორუფციას ღრმად აქვს ფესვები გადგმული.
კორუფციის მიმართ ევროპული სისტემის შემგუებლობა ადასტურებს, რომ სისტემა ატროფირებულია, შესაბამისად უმჯობესი იქნებოდა ევროპამ საკუთარი პრობლემების მოგვარებაზე უფრო მეტი დრო დახარჯოს, ვიდრე საქართველოსთან მენტორულად საუბარში. იქნებ უფრო ლოგიკური იყოს, ქართული კანონპროექტების კრიტიკისთვის და დამნაშავეების ხელის დაფარებისთვის გამოყოფილი დრო საკუთარი სისტემების გაწმენდას და რეფორმირებას დაუთმონ", - წერს გვიდიანი.