შეერთებული შტატები უკრაინისთვის Bradley-ს ტიპის ქვეითთა საბრძოლო მანქანების მიწოდებას, გერმანია კი Marder-ის ტიპის ქვეითთა საბრძოლო მანქანების მიწოდებას გეგმავს, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენისა და გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცს შორის გამართული სატელეფონო საუბრის შემდეგ გავრცელებულ ერთობლივ განცხადებაშია აღნიშნული.
"პრეზიდენტმა ბაიდენმა და კანცლერმა შოლცმა გამოხატეს მზადყოფნა, გამოყონ საჭირო ფინანსური, ჰუმანიტარული, სამხედრო და დიპლომატიური მხარდაჭერა, ვიდრე ეს აუცილებელი იქნება. ამ მიზნით აშშ აპირებს, უკრაინას გადასცეს Bradley-ს ტიპის ქვეითთა საბრძოლო მანქანები, ხოლო გერმანია – Marder-ის ტიპის საბრძოლო მანქანები", – ნათქვამია ვაშინგტონისა და ბერლინის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ინფორმაციის თანახმად, უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის შესაბამისი სისტემების გამოყენებაზე წვრთნების ჩატარებას ორივე ქვეყანა გეგმავს.
ამასთან, ბერლინი უკრაინის შეიარაღებულ ძალებს საზენიტო სარაკეტო კომპლექსის, Patriot-ის ერთ ბატარეას გადასცემს.
"უკრაინის კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე სარაკეტო და დრონებით თავდასხმების ფონზე, პრეზიდენტმა ბაიდენმა და კანცლერმა შოლცმა გაიმეორეს თავიანთი განზრახვა განაგრძონ მხარდაჭერა უკრაინის საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობების გადაუდებელ საჭიროებებზე რეაგირებისთვის. დეკემბრის ბოლოს შეერთებულმა შტატებმა გამოაცხადა, რომ უკრაინას გადასცემს Patriot-ის საზენიტო-სარაკეტო კომპლექსის ბატარეას. გერმანია უერთდება შეერთებულ შტატებს Patriot-ის კიდევ ერთი ბატარეის მიწოდებაში", - აღნიშნულია ინფორმაციაში.