სრულიად დაუშვებელი და აღმაშფოთებელია. სახალხო დამცველის საქმიანობაში ხელშეშლის უფლება არავის აქვს, - ამის შესახებ ომბუდსმენის მოადგილემ, გიორგი ბურჯანაძემ ახალარჩეულ სახალხო დამცველ ლევან იოსელიანთან დაკავშირებით მომხდარ ინციდენტზე კომენტირებისას განაცხადა.
მისივე თქმით, ფაქტი "არასწორი" იყო და ამ საკითხის განვითარება უაზროდ მოხდა.
"საშინელი ფაქტი იყო. ძალიან აღმაშფოთებელი, სრულიად. რა თქმა უნდა, არასწორი იყო და უაზროდ მოხდა ამ საკითხის განვითარება. სრულიად დაუშვებელი და აღმაშფოთებელია. მანდატი აქვს სახალხო დამცველს, რომ ნახოს ასეთი რაღაცები და ამ დროს ხელშეშლის უფლება არავის აქვს", - განაცხადა გიორგი ბურჯანაძემ.
ცნობისთვის, საქართველოს პარლამენტთან, სადაც საპროტესტო აქცია მიმდინარეობს, სახალხო დამცველის ლევან იოსელიანის მისვლას აქციის მონაწილეების მხრიდან პროტესტი და შეურაცხმყოფელი შეძახილები მოჰყვა. შეკრებილები ლევან იოსელიანს ეძახდნენ "მონას". აქციის მონაწილეებმა მისი მიმართულებით კვერცხი ისროლეს, რომელიც მას თავში მოხვდა.