"პატრიოტთა ალიანსის" თავმჯდომარის, დავით თარხან-მოურავის განცხადებით, ის, რომ საქართველო ევროსაბჭოს სრულფასოვანი, ასევე ევროკავშირის ასოცირებული წევრია და გარდა ამისა, ინტეგრირებულია ევროპის უმეტეს სტრუქტურებში, თავისთავად გულისხმობს იმას, რომ საქართველო ევროკავშირის სრულფასოვანი წევრობის კანდიდატია. მისი თქმით, ეს სამი კომპონენტი, მით უმეტეს, გულისხმობს იმას, რომ საქართველოს ევროპული პერსპექტივა აქვს. თარხან-მოურავმა ასევე აღნიშნა, რომ კანდიდატის სტატუსი, როგორც ასეთი, თავის დროზე, თურქეთისთვის გამოიგონეს, რათა ევროკავშირში არ მიეღოთ და დღესაც ამ სტატუსს, როგორც ხელოვნურად შექმნილ ბარიერს, ისე იყენებენ. მისივე თქმით, სრულიად ნათელი გახდა, რომ "ნაცმოძრაობამ" დასავლეთში "ქართულ ოცნებას" აჯობა და საბოლოო ჯამში, თავისას მიაღწია, როდესაც დასავლეთი დაარწმუნა, რომ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსი არ მიენიჭებინათ. როგორც "პატრიოტთა ალიანსის" ლიდერმა განაცხადა, ამით მორიგჯერ დადასტურდა ის ფაქტი, რომ "ქართული ოცნების" რიგებში არაკომპეტენტური და უნიათო ადამიანები არიან.
"საქართველო არის ევროსაბჭოს სრულფასოვანი წევრი. საქართველო არის ევროკავშირის ასოცირებული წევრი და ბოლოს, საქართველო ინტეგრირებულია ევროპის უმეტეს სტრუქტურებში. თავისთავად ეს სამი რამ გულისხმობს იმას, რომ საქართველო ევროკავშირის სრულფასოვანი წევრობის კანდიდატია. მით უმეტეს, ეს გულისხმობს იმას, რომ ევროპული პერსპექტივა გვაქვს. ეს უნდა გავითავისოთ და გავიაზროთ. ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი არის თითიდან გამოწოვილი, ხელოვნურად შექმნილი ბარიერი, რომელიც, სხვათა შორის, თურქეთისთვის გამოიგონეს. ევროპას არ უნდოდა თურქეთის მიღება და არც ახლა უნდა, რომ თურქეთი ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი გახდეს. განსაკუთრებით ამის წინააღმდეგია, მაგალითად, საფრანგეთი. ეს ყველამ იცის, ამიტომ თურქეთს შეუთხზეს რაღაც კანდიდატის სტატუსი. ახლა ჩვენც გვითხრეს, რომ აი, კი ხართ ასოცირებული წევრი, მაგრამ ახლა უნდა გახდეთ კანდიდატი. ეს არის თითიდან გამოწოვილი რამ. მაგრამ ესეც არაო, კანდიდატიც ვერ გახდებითო, თუმცა ევროპული პერსპექტივა გაქვთო. ნუთუ ჩვენ ვერ ვხვდებით, რომ ეს შეურაცხყოფაა? ეს არის დაცინვა. ეს პირველი. მეორე, რაც, ამავე დროს, უნდა დავინახოთ - მიუხედავად იმისა, რომ ეს კანდიდატობა არის არარეალური რამ, ხოლო ევროპული პერსპექტივა საერთოდ შეურაცხმყოფელი, მოლდავეთმა მიიღო კანდიდატობა. მოლდოვა, ბელორუსიასთან, რუსეთთან, ყაზახეთთან, ტაჯიკეთთან, სომხეთთან, აზერბაიჯანთან ერთად, შედის დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობაში, ანუ დსთ-ს წევრია. გარდა ამისა, მოლდოვას ოფიციალურად გამოცხადებული აქვს სამხედრო ნეიტრალიტეტი. მაგრამ არც ერთი - ის, რომ დსთ-ს წევრია და ის, რომ სამხედრო ნეიტრალიტეტი აქვს, არ აღმოჩნდა პრობლემა, რომ გახდეს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი. უკრაინა, რომელსაც საომარი ვითარება აქვს, ბოლომდე არ არის გასული დსთ-დან. უკრაინა დღესაც მონაწილეობს დსთ-ს ფარგლებში არსებულ თავისუფალი ვაჭრობის ზონაში და უკრაინას დღესაც არა აქვს შეტანილი განაცხადი დსთ-დან გასვლის შესახებ. ამავე დროს, უკრაინა ერთ დღეს ამბობს, რომ ნატოსკენ იხრება, მეორე დღეს ამბობს, რომ - ნეიტრალიტეტისკენ. მაგრამ უკრაინაც მიიღებს ამ კანდიდატის სტატუსს. ჩვენ სულ გვარწმუნებდნენ, რომ ევროკავშირში ინტეგრაციისთვის ჩვენთვის აუცილებლად ნატო-ს წევრობაა საჭირო. აღმოჩნდა, რომ ეს ტყუილია, იმიტომ რომ ავსტრია, შვედეთი და ფინეთი არიან ნეიტრალურები. მეორე მხრივ, იყო ლაპარაკი, რომ რუსეთთან საერთოდ არანაირი კავშირი არ უნდა გვქონდეს, დსთ - არაო, იმიტომ რომ ეს ხელს გვიშლის. აღმოჩნდა, რომ ხელს არ უშლის არც მოლდოვას და არც უკრაინას. მოკლედ, ყველაფერი ეს თითიდან გამოწოვილი საკითხებია. და მესამე, რაც უნდა დავინახოთ ახლა: ფაქტი სახეზეა, რომ სააკაშვილის მომხრეებმა აჯობეს "ქართული ოცნების" ლიდერებს დასავლეთში. ფაქტები ვიცით - თავად პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ სალომე სამადაშვილი პირდაპირ დადიოდა ევროკავშირის კომიტეტებში და იძახდა, საქართველოს არ მისცეთ ეს სტატუსიო. თუმცა მე ეს არც მიკვირს, სიმართლე რომ გითხრათ, იმიტომ რომ დიდი ხანია ვიცით: ის, რომ სააკაშვილის მომხრეებს ევროპა უნდათ და რუსეთს ლანძღავენ, მხოლოდ ნიღაბია და სინამდვილე სულ სხვა არის. მაგრამ ფაქტი ერთია: ამათ "ქართული ოცნების" ლიდერებს აჯობეს და ჩვენ დავინახეთ "ქართული ოცნების" სრული არაკომპეტენტურობა, რომელიც იმ დონემდე დავიდა, რომ მარტო ის კი არ არის, რომ სტატუსი ვერ მივიღეთ, აგერ, იგივე ივანიშვილი საერთოდ სანქციებში აღმოჩნდა და ყველაფერი დაყადაღებული აქვს. ამით, უბრალოდ, მინდა ვთქვა, რომ "ქართული ოცნების" ლიდერების არაკომპეტენტურობა, უნიათობა და უუნარობა იმდენად დიდია, რომ ქვეყანა ხომ დაზარალდა, კონკრეტული ადამიანიც დააზარალეს, ანუ ამასაც დანახვა უნდა, რომ ამათ არანაირი სამუშაოს შესრულება არ შეუძლიათ ფიზიკურად და ამ თვალსაზრისითაც ჩვენ "ქართული ოცნების" კიდევ ერთ მარცხს ვხედავთ. თუმცა, ვიმეორებ, ეს ყველაფერი თითიდან გამოწოვილია. თანაც, თავად ეს ევროკავშირის კანდიდატობა რას იძლევა? არც არაფერს სერიოზულს. მაგრამ ამ ფონზე რომ გამოდიან "ქართული ოცნების" ლიდერები და გვილოცავენ ევროპულ პერსპექტივას, ეს კიდევ ერთი დამატებითი შეურაცხყოფაა. ეს, იცით, რას ჰგავს? გვილოცავდნენ, რომ ნატო-ს ღია კარზე ვაკაკუნებთ", - განაცხადა დავით თარხან-მოურავმა.