ამის შესახებ "პატრიოტთა ალიანსის"თავმჯდომარემ დავით თარხან-მოურავმა განაცხადა. "ჩვენი ქვეყანა პრობლემებისა და საფრთხეების წინაშეა, ამაზე კი არავითარი საჯარო მსჯელობა არ მიმდინარეობს. ვითომ ეს ოპოზიცია - მათ მე ოპოზიციას ვერ ვუწოდებ, არიან დამნაშავე რეჟიმის წარმომადგენლები; ესენი ისევ სხედან პარლამენტში და აგრძელებენ დანაშაულებრივ ქმედებებს. "ქართული ოცნება" იძულებულია, ამაზე რეაგირება მოახდინოს. ეს პოლიტიკა არ არის. საჯარო მსჯელობა არავითარ პრობლემებზე არ არის. ქვეყანა რამდენიმე სერიოზული საფრთხის წინაშეა. ერთი არის საფრთხე, რომ არ ვიყოთ ომში ჩათრეული. აქ ხელისუფლებამ დღემდე კარგად გაართვა თავი, მაგრამ არ ვიცი, მერე რა იქნება, ამ ყველაფერზე უნდა ვიფიქროთ. დაძაბულობა მაინც არის, რადგან მუდმივად იძულებულები ვართ, ნატოს წვრთნებში მივიღოთ მონაწილეობა. ომის პროცესში, როდესაც რუსეთ-უკრაინას შორის სამხედრო მოქმედებები მიმდინარეობს, თუნდაც ფორმალური მონაწილეობა ნატოს წვრთნებში გამაღიზიანებელია და ეს ქმედება ყოველთვის ბეწვის ხიდზე გავლაა. სჯობს ამ ყველაფერს თავი ავარიდოთ. ბუნებრივია, რუსეთსა და დასავლეთს შორის არავითარი ნდობა არ არსებობს. რუსეთი მუდმივად მიიჩნევს, რომ ჩვენ შეიძლება უცებ ნატომ რაიმე პლაცდარმად გამოგვიყენოს, ამიტომ ერთადერთი, რაც შეიძლება, ეს არის ნეიტრალიტეტის პოლიტიკის გატარება. ჩვენ ამაზე არ ვმსჯელობთ, ამაზე საუბარი კი საჯარო პოლიტიკა იქნებოდა. სწრაფვა ნეიტრალიტეტისკენ, თუნდაც დროებით და კონსტიტუციაში ასეთი ჩანაწერის გაკეთება სასარგებლო იქნებოდა, რადგან ეს დაამშვიდებდა სიტუაციას რუსეთთან და საფრთხეებს აგვაცილებდა. კიდევ ერთი საფრთხე, რასაც ჩვენ უნდა მოვერიოთ, არის "ნაციონალური მოძრაობა". სულ გვემუქრება სააკაშვილის ხალხი: "ამას ვიზამთ, იმას ვიზამთ". ბევრჯერ არ გამოუვიდათ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ამ ჯერზეც არ გამოუვათ. მათ მთავარ ამოცანად ხელისუფლების შეცვლა რჩება. ყველაზე ცუდი ისაა, რომ ამ ნულოვან პარტიებს საპარლამენტო მიკროფონი მივეცით ხელში და აბსოლუტურად უგუნურ და სულელურ აზრებს მთელს ქვეყანაზე აფრქვევენ ტრიბუნებიდან. ასევე არის სხვა პრობლემური საკითხები. ეს არის ეკონომიკა. ხედავთ, ახლა ახალი სიები ქვეყნდება იმ ქვეყნების, რომლებიც სათანადოდ არ მონაწილეობენ რუსეთის დასანქცირებაში. რა სანქციებზეა საუბარი, როდესაც ჩვენ ჩვენი ინტერესები გვაქვს! ჩვენ პირიქით, ახლა, შესაძლოა, პარალელურ იმპორტში მივიღოთ მონაწილეობა და მილიარდები შემოვიდეს, რომელიც საზოგადოებას მოხმარდება. ასე რომ, არის უამრავი თემა, რომელზეც საჯარო მსჯელობა უნდა შედგეს და ხალხის მოთხოვნა დაკმაყოფილდეს", - განაცხადა დავით თარხან-მოურავმა.
დღის სიახლეები
დავით თარხან-მოურავი: "ერთადერთი, რაც შეიძლება, ეს არის ნეიტრალიტეტის პოლიტიკის გატარება. ჩვენ ამაზე არ ვმსჯელობთ, ამაზე საუბარი კი საჯარო პოლიტიკა იქნებოდა"
მსგავსი
დღის გადაცემები