24.11.2024 | 21:51
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
დავით თარხან-მოურავი: "რუსეთშიც, ამერიკაშიც და ნატოშიც - ყველგან არიან გენერლები და სამხედროები, ვისაც ომი ყველა ფრონტზე სურთ"

"პატრიოტთა ალიანსის" თავმჯდომარე დავით თარხან-მოურავი საქართველოსა და მსოფლიოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს ეხმაურება. მისი განცხადებით, საქართველოს რუსეთთან ომში ჩაბმა დასავლეთში ძალიან ბევრ პოლიტიკოსსა და გავლენიან ადამიანს უნდა. დავით თარხან-მოურავი მიიჩნევს, რომ რუსეთშიც, ამერიკაშიც და ნატოშიც - ყველგან არიან გენერლები და სამხედროები, ვისაც ომი ყველა ფრონტზე სურთ და ისინი ძალიან აქტიურად მოქმედებენ, რათა ამ ომში საქართველოც ჩაებას.

"ის, რაც საქართველოში ხდება, ძალიან სამწუხაროა. მე არაერთხელ მითქვამს და ახლაც ჩამოვაყალიბებ აზრს, თუ რა ვითარებაა ქვეყანაში შექმნილი. მიხეილ სააკაშვილმა, მისმა მომხრეებმა, მისმა პატრონებმა და ლობისტებმა მთელი მსოფლიო მკაფიოდ დაარწმუნეს იმაში, რომ საქართველოში მიხეილ სააკაშვილს კლავენ და ანადგურებენ. მათ მკაფიოდ დაარწმუნეს მსოფლიო, რომ ამას აკეთებს საქართველოს ხელისუფლება, "ქართული ოცნება" და პირადად ბიძინა ივანიშვილი. სინამდვილეში ეს ყველაფერი ტყუილია. ყველაზე ნაკლებად მისი მოწამვლითა და მკვლელობით ხელისუფლებაა დაინტერესებული და კიდევ უფრო ნაკლებად აინტერესებს ეს ბიძინა ივანიშვილს. ეს აზრი მსოფლიოში უკვე დამკვიდრდა და ჩამოყალიბდა. დღეს უკვე ამ მცდარ და არასწორ აზრს იზიარებს ყველა. ევროპარლამენტარები, საფრანგეთის დეპუტატები, სენატორები, იტალიის თუ გერმანიის დეპუტატები - ყველა იზიარებს ამ აზრს. ამ ყველაფერს კი "ქართულმა ოცნებამ" და მისმა ლობისტებმა ვერანაირი წინააღმდეგობა ვერ გაუწიეს. ისინი თავიდანვე არასწორი გზით მიდიოდნენ და სწორედ ამიტომ ვერ გაუწიეს ამ ყველაფერს წინააღმდეგობა. ნაცვლად იმისა, ხელისუფლებას აეღო მიმართულება და ეთქვა, რომ ეს არის შეცდომა, დეპუტატების მოტყუება, ხალხის მოტყუება, "ქართული ოცნება" და მათი ლობისტები დაკავებულნი იყვნენ იმით, რომ აცხადებდნენ, თუ როგორი კორუმპირებულები არიან ევროპარლამენტარები, როგორი მექრთამეები და ცუდები არიან. 705 ევროდეპუტატია და ყველა ცუდი და კორუმპირებული ვერანაირად ვერ იქნება. ყველა ეს განცხადება ხელისუფლების მხრიდან არასწორია, რისი შედეგიც სახეზე გვაქვს. ამ ხელისუფლებას ყველა გადაემტერა, თუმცა ეს ყველაფერი არის ხელისუფლების ბრალი, რადგან ამ დღეში თავი თვითონვე ჩაიგდეს. "ქართული ოცნება" დღესაც ვერ ხვდება, რომ ეს არასწორი გზაა.

ჩვენი კიდევ ერთი პრობლემა არის ის, რომ ყველანაირი მექანიზმი ჩართულია ხელისუფლების წინააღმდეგ და "ქართული ოცნების" ჩამოგდებისთის. ეს მექანიზმები კი ევროპიდან და ამერიკიდანაა მომართული. ევროპარლამენტმა გამიჯნა ქართველი ხალხი ხელისუფლებისგან - ეს კიდევ ერთი სიგნალია იმისა, რომ დასავლეთი არა ამ ხელისუფლების დანდობას, არამედ მის ჩამოცილებას აპირებს. ხელისუფლება არასოდეს უსმენდა იმ ხალხს, ვინც რეალური ბრძოლა გაწია სააკაშვილის რეჟიმის წინააღმდეგ. ყველა მებრძოლი ადამიანი, ვისაც ბიოგრაფია ჰქონდა, ვინც ებრძოდა სააკაშვილის რეჟიმს - ყველა ეს ადამიანი, დიდი ხანია, "ქართული ოცნებიდან" გაგდებულია. ეს ადამიანები, უკვე დიდი ხანია, აღარც პარლამენტში არიან. მთელი ათი წლის განმავლობაში ჩვენ ვხედავთ მუდმივად ისეთი ადამიანების შემოყვანას პოლიტიკაში, რომლებსაც სინამდვილეში პოლიტიკა და ის პროცესები, რომელიც მიმდინარეობს, არ ესმით. ახლა, რაც შეეხება მეორე ფრონტს: რეალურად, ნამდვილად ჩვენი ქვეყნის ჩაბმა რუსეთთან ომში სურს ძალიან ბევრ პოლიტიკოსს და გავლენიან ადამიანს დასავლეთში. ეს არ ნიშნავს იმას, რომ მთელი დასავლეთის პოლიტიკოსებს საქართველოს ომში ჩაბმა უნდათ, მაგრამ ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ რუსეთშიც, ამერიკაშიც და ნატოშიც - ყველგან არიან გენერლები და სამხედროები, ვისაც ომი სურთ ყველა ფრონტზე. ეს ადამიანები ძალიან აქტიურად მოქმედებენ იმისთვის, რომ ამ ომში საქართველოც ჩაბმული იყოს", - განაცხადა დავით თარხან-მოურავმა.

დღის გადაცემები