ამის შესახებ "პატრიოტთა ალიანსის" თავმჯდომარემ დავით თარხან-მოურავმა განაცხადა. მისი თქმით, საქართველოს პოლიტიკა უნდა იყოს ნეიტრალური. მან მაგალითად შვეიცარია მოიყვანა, რომელიც დამოუკიდებელი, ევროკავშირში ინტეგრირებული სახელმწიფოა, თუმცა ყველა მნიშვნელოვან საკითხს თავად წყვეტს. "პატრიოტთა ალიანსის" თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ საქართველოს ევროპაში ინტეგრირება სწორედ შვეიცარიული მოდელით უნდა მოხდეს.
"ჩვენ დასავლეთთან ურთიერთობა აუცილებლად გვჭირდება და პოლიტიკური თამაშები უნდა შეწყდეს. დასავლეთს უნდა ვუთხრათ, რომ ქართველი ხალხისთვის სააკაშვილი და ბოკერია მიუღებელია. ისინი არიან პოლიტიკური შანტაჟისტები. უნდა გავაგებინოთ, რომ არსებობს მთელი რიგი საკითხები, რომლის არა მარტო დათმობა არ გვინდა, არამედ ამაზე საუბარიც არ უნდა იყოს.
არ უნდა იყოს საუბარი, რომ ეკლესია დაიშალოს, პატრიარქი აღარ უნდა გვყავდეს. არ უნდა იყოს საუბარი, რომ მართლმადიდებლური პანსიონატები დაიხუროს. ეს ერთი მაგალითი მომყავს, რომელიც ყველასთვის გასაგებია.
ასევე არ უნდა იყოს საუბარი, რომ 350 არასამთავრობო ორგანიზაცია იქნება ქვეყანაში და რომ, თურმე, ესენი არიან ჩვენი ერის სინდისი და, რასაც იტყვიან, ეს ყოფილა მთავარი. არ უნდა იყოს საუბარი იმაზე, რომ აფინანსე ყველანი და რანაირი საიდუმლოც გინდა, გაიტანე ქვეყნიდან. კიდევ ბევრი რამ არ უნდა მოხდეს.
სახელმწიფოს უნდა ჰქონდეს მკაფიო პოლიტიკა და ჩამოწერილი, თუ რა არ უნდა იყოს. შეგვიძლია ამის გაკეთება? რა თქმა უნდა, შეგვიძლია, მაგრამ არ ვაკეთებთ.
ჩვენ სულ ვეუბნებოდით ხელისუფლებას, რომ "პატრიოტთა ალიანსს" ეს შეგვიძლია! მოგვეცით საშუალება და დავალაგებთ ურთიერთობას ამერიკასთან, ევროპასთან, რუსეთთან, თურქეთთან და ზოგადად ყველასთან. ჩვენ მოგვეცით ბერკეტები. ხელისუფლებას არანაირი ბერკეტის მოცემა არ უნდა და დღესაც არ არის სწორი პოზიცია ქვეყანაში. ერთი იძახის, რომ არავითარი ამერიკა და ევროპა არ გვინდა, მეორე ამბობს, რომ აუცილებლად ევროპა და ამერიკა გვინდა.
არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ყველა ხიდის ჩამტვრევა. საქართველოს პოლიტიკა უნდა იყოს ნეიტრალური. მიუმხრობლობის კურსი საჭიროა ყველაფერში, მათ შორის პოლიტიკაშიც. რა თქმა უნდა, გვინდა ევროპა, მაგრამ როგორ? "პატრიოტთა ალიანსის" კურსი მუდამ ასეთი იყო. სამი და ხუთი წლის წინაც ჩვენ ვამბობდით იგივეს. გვინდა ევროპა, ოღონდ გვინდა შვეიცარიული მოდელი. მაგრამ ამის მოსმენა არ სურდათ.
რა არის შვეიცარიული მოდელი: შვეიცარია დამოუკიდებელი სახელმწიფოა, ევროკავშირში ინტეგრირებულია, მაგრამ შენარჩუნებული აქვს ყველა მნიშვნელოვანი საკითხი, რომელსაც დამოუკიდებლად წყვეტს. ჩვენც გვინდა ევროპაში ინტეგრაცია, მაგრამ ყველა ის ნიუანსი, რაც ჩვენს თვითმყოფადობას და სახელმწიფოებრიობას ეხება, შენარჩუნებული უნდა იყოს!" - განაცხადა დავით თარხან-მოურავმა.