ევროკავშირის საბჭომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეცხრე პაკეტი დაამტკიცა, რომელიც მიზნად ისახავს რუსეთზე ზეწოლის გაზრდას.
"საკვებისა და შიმშილის შემდეგ, პუტინი ახლა ზამთარს იარაღად იყენებს და მილიონობით უკრაინელს მიზანმიმართულად ართმევს წყალს, ელექტროენერგიას და გათბობას. ევროკავშირი პასუხობს ამ უკანასკნელ ესკალაციას და ომის დანაშაულს ჩვენი მკაცრი სანქციების მეცხრე რაუნდით. ჩვენ გავაგრძელებთ სანქციების დაწესებას ეკონომიკის წინააღმდეგ და მათ წინააღმდეგ, ვისაც წვლილი შეაქვს ამ სასტიკ ომში", - ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჯოზეფ ბორელმა განაცხადა.
შეთანხმებული პაკეტი აწესებს ექსპორტის კონტროლს და შეზღუდვებს ორმაგი დანიშნულების საქონელსა და ტექნოლოგიებზე, აგრეთვე იმ საქონელსა და ტექნოლოგიებზე, რომლებსაც შეუძლიათ, წვლილი შეიტანონ რუსეთის თავდაცვისა და უსაფრთხოების სექტორის ტექნოლოგიურ გაუმჯობესებაში.
კერძოდ, სანქციები დაწესდება რუსეთის ფედერაციის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსთან დაკავშირებულ დამატებით 168 სუბიექტზე.
სანქციების გვერდის ავლის თავიდან ასაცილებლად, სიაში ასევე შედის რუსეთის მიერ კონტროლირებადი ორგანიზაციები, რომლებიც დაფუძნებულია უკანონოდ ანექსირებულ ყირიმში ან სევასტოპოლში.
გარდა ამისა, ევროკავშირი გააფართოებს საავიაციო და კოსმოსურ ინდუსტრიასთან დაკავშირებული საქონლისა და ტექნოლოგიების ექსპორტის აკრძალვას თვითმფრინავების ძრავებისა და მათი ნაწილების ჩათვლით.
ევროკავშირი ასევე გაყინავს კიდევ ორი რუსული ბანკის აქტივებს. გარდა ამისა, ევროკავშირის საბჭომ წამოიწყო კიდევ ოთხი რუსული მედიასაშუალების - NTV/NTV Mir, Rossiya 1, REN TV და "პირველი არხის" მაუწყებლობის ლიცენზიების შეჩერების პროცესი. ეს მედიასაშუალებები რუსეთის ფედერაციის ხელმძღვანელობის პირდაპირი თუ არაპირდაპირი კონტროლის ქვეშ არიან, ავრცელებენ დეზინფორმაციას, აკანონებენ რუსეთის აგრესიას და ძირს უთხრის უკრაინის მხარდაჭერას.
ასევე, ამიერიდან ევროკავშირის მოქალაქეებს ეკრძალებათ ნებისმიერი თანამდებობის დაკავება რუსეთის ან მის მიერ კონტროლირებად სუბიექტებში, ორგანიზაციებსა თუ ორგანოებში, რომლებიც მდებარეობს რუსეთში.
ეკონომიკური სანქციების გარდა, ევროკავშირის საბჭომ გადაწყვიტა ინდივიდუალური სანქციების სიის გაფართოება ახალი ფიზიკური პირებისა და სუბიექტების ჩათვლით.