მედიის ცნობით, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი სახელმწიფო ვიზიტის ფარგლებში პეკინში ჩავიდა. მასთან ერთად ჩინეთს ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენიც სტუმრობს.
როგორც მედია წერს, ევროპელი ლიდერების სამდღიანი ვიზიტის მიზანია გადაარწმუნონ ჩინეთი უკრაინაში რუსეთის შეჭრის მხარდაჭერისგან.
ვიზიტამდე საფრანგეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ოფიციალურმა პირმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ჩინეთი ერთადერთი ქვეყანაა მსოფლიოში, რომელსაც შეუძლია დაუყოვნებელი და რადიკალური გავლენა მოახდინოს კონფლიქტზე ერთი ან მეორე მიმართულებით.
დასავლური მედია აღნიშნავს, რომ ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში, ჩინეთს სხვადასხვა ევროპელი ლიდერებიც სტუმრობდნენ, კერძოდ გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი და ესპანეთის პრემიერ-მინისტრი პედრო სანჩესი.