დასავლეთი მეორე მსოფლიო ომის დროინდელი გერმანულ-იტალიურ-იაპონური ბლოკის მსგავსი "ღერძის" შექმნას იწყებს, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა რუსულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა.
მისი თქმით, შარშან ნატო ახალ სტრატეგიულ კონცეფციაზე შეთანხმდა, რომელშიც პირდაპირაა საუბარი აზია-წყნარი ოკეანის რეგიონის ქვეყნებთან - ახალ ზელანდიასთან, ავსტრალიასთან, სამხრეთ კორეასთან და სხვებთან ურთიერთობების განვითარების განზრახვას. „აცხადებენ, რომ შექმნიან გლობალურ ნატო-ს. აბა, რა არის ეს?" - აღნიშნა პუტინმა.
მისი თქმით, წელს ბრიტანეთმა და იაპონიამ ხელი მოაწერეს შეთანხმებას სამხედრო სფეროში კონტაქტების დამყარების შესახებ.
"ამიტომაც თავად დასავლელი ანალიტიკოსები ამბობენ - ეს ჩვენ არ ვართ, ისინი ამბობენ, რომ დასავლეთი იწყებს ახალი ღერძის შენებას, რომლის მსგავსიც ოცდაათიან წლებში გერმანიის, იტალიისა და მილიტარისტული იაპონიის ფაშისტურმა რეჟიმებმა შექმნეს", - აღნიშნა რუსეთის პრეზიდენტმა.
ამასთან, მისი მტკიცებით, რუსეთი არ ქმნის სამხედრო ალიანსს ჩინეთთან და არ ემუქრება არცერთ ქვეყანას.
"დიახ, ჩვენ ასევე ვთანამშრომლობთ სამხედრო-ტექნიკური ურთიერთმოქმედების სფეროში. ამას არ ვმალავთ. ჩვენთან ყველაფერი გამჭვირვალეა. საიდუმლო არაფერია", - განაცხადა პუტინმა.