ვაშინგტონი და ნატო უკრაინის გავლით, რუსეთის წინააღმდეგ მარიონეტულ ომს აწარმოებენ - ეს კომენტარი ხორვატიის პრეზიდენტმა, ქალაქ ვუკოვარში, მედიასთან გააკეთა. ზორან მილანოვიჩმა პასუხი გასცა პრემიერ მინისტრის, ანდრეი პლენკოვიჩის კრიტიკას, რომელმაც ისტორიული მნიშვნელობის შეცდომა უწოდა იმ პარლამენტარების გადაწყვეტილებას, რომელთაც ხმის მიცემის დროს, მხარი არ დაუჭირეს ხორვატიის მონაწილეობას უკრაინისთვის ევროკავშირის სამხედრო დახმარების მისიაში. ხორვატიის პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ ევროკავშირი თავის ისტორიაში პირველად ებმება ომში, რაც ევროპული ბლოკის ფუნქციონირების შეთანხმებას ეწინააღმდეგება.
"ვაშინგტონი და ნატო უკრაინის გავლით, რუსეთის წინააღმდეგ მარიონეტულ ომს აწარმოებენ. მოსკოვის წინააღმდეგ სანქციების მიზანს ვერ ვიგებ. გეგმა ვერ იქნება პუტინის გადაყენება და გეგმა ვერ იქნება სანქციები. სანქციები უაზრობაა და ამით ვერაფერს მივაღწევთ. სანქციებით მილოშევიჩიც კი ვერ გატეხეს. ისინი ომიდან ომში დადიან და მე რა გავაკეთო ამ დროს? ამერიკის მონა უნდა ვიყო?", - აღნიშნა მილანოვიჩმა.