ამერიკული მართლმსაჯულება არაო, მაგრამ ქართულმა სასამართლომ აქსიომად უნდა მიიღოს, რადგან მიშას დაქირავებულია?! - ამის შესახებ "ხალხის ძალის" წევრი ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში წერს.
ქადაგიძე მიხეილ სააკაშვილის საქმის ამერიკელი ექსპერტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება, რომლის მიხედვითაც, ერიკ გოლდსმიტის დასკვნას ამერიკული სასამართლო არ ენდობა.
როგორც ქადაგიძე აღნიშნავს, ფონსაც კი ვერ ქმნიან ისეთს, რომ სიყალბე და ხელოვნურობა რამდენიმე დღით ობიექტურობას მიამსგავსონ.
"ამერიკული მართლმსაჯულება არაო, მაგრამ ქართულმა სასამართლომ აქსიომად უნდა მიიღოს, რადგან მიშას დაქირავებულია?! ფონსაც კი ვერ ქმნიან ისეთს, რომ სიყალბე და ხელოვნურობა რამდენიმე დღით ობიექტურობას მიამსგავსონ და ისეთი ექსპერტები ჰყავთ უცხოეთიდან ჩამოყვანილი, რომელთა დასკვნებს მათი ქვეყნის სასამართლოც კი არ ცნობს" - წერს ზურაბ ქადაგიძე.
გასულ კვირას ნიუ-იორკის ფედერალურმა სასამართლომ, ორი ფსიქიატრის ურთიერთგამომრიცხავ შეფასებებზე დაყრდნობით, ქმედუნარიანად ცნო რიჩარდ ჩიჩაკლი, რომელსაც აშშ-ს ხელისუფლება იარაღით ვაჭრობაში მსჯავრდებული ვიქტორ ბუტის თანამზრახველად მიიჩნევს. ამის შესახებ rapsinews-ი წერს. გამოცემის ცნობით, ჩიჩაკლის ფსიქიკური მდგომარეობა ორმა ექსპერტმა - ერიკ გოლდსმიტმა და შერილ პარადისმა შეამოწმეს. ისინი უშუალოდ შეხვდნენ ბრალდებულს, გაესაუბრნენ მის ადვოკატს და ტელეფონით დაუკავშირდნენ ჩიჩაკლის ქალიშვილს.
პროცესზე მოსამართლე უილიამ პოლეიმ ყურადღება გაამახვილა გოლდსმიტის გულუბრყვილობაზე, რომელიც თავის შეფასებაში, სავარაუდოდ, ჩიჩაკლის ქალიშვილის მოსაზრებას გადაჭარბებულად ითვალისწინებდა.