4 თებერვალს, კიბოსთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს, თბილისის ანძა, ისევე, როგორც მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქის ღირსშესანიშნაობები, ლურჯად და ნარინჯისფრად განათდება, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, სიმსივნური დაავადებების სკრინინგისა და მკურნალობისთვის აუცილებელ არაერთ პროგრამას ახორციელებს.
"თბილისის მერია ამ ვერაგ სენთან ბრძოლაში, თავის მოსახლეობას გვერდით უდგას. ონკოლოგიური დაავადებების პრევენციისა და მკურნალობის მიზნით, ხორციელდება დაავადებათა სკრინინგის, ძვლის ტვინის გადანერგვის (ე.წ. ლეიკემიის), ძუძუს კიბოს სამკურნალო მედიკამენტებისა და სამედიცინო საჭიროებების დაფინანსების პროგრამები. დაავადებათა სკრინინგის პროგრამის ფარგლებში, ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით, გამოკვლევები სრულად ფინანსდება. პროგრამის მიზანია, დაავადებათა ადრეული დიაგნოსტიკა, კიბოს საწყის სტადიაზე გამოვლენა და ონკოდაავადებებით გამოწვეული ლეტალობის რიცხვის შემცირება", - განაცხადა კახა კალაძე.
მისი თქმით, თბილისის მერიის აღნიშნული პროგრამების მიზანია, მოქალაქეთა სიცოცხლის გადარჩენა–გახანგრძლივება და ფინანსური ტვირთის შემსუბუქება.
"თბილისის მერიამ 2022 წელს დაავადებათა სკრინინგის პროგრამის ფარგლებში, დააფინანსა 130 857 შემთხვევა, მათ შორის, 115 491 გამოკვლევა ეროვნულ სკრინინგ ცენტრში; ძვლის ტვინის გადანერგვის პროგრამის ფარგლებში, 163 შემთხვევა; ძუძუს კიბოს სამკურნალო მედიკამენტები კი, სრულად ან 50%–ით 238 მოქალაქეს დაუფინანსდა", - აღნიშნა კახა კალაძემ.
მისი განცხადებით, მიმდინარე წელს ჯანდაცვის პროგრამების მიმართულებით, ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის ბიუჯეტი 27 მილიონზე მეტია.
"მინდა, პირველ რიგში, ყველას ჯანმრთელობა ვუსურვო. ოჯახებს კი, რომლებიც ამ პრობლემის წინაშე აღმოჩდნენ, ვეცდებით, გვერდით დავუდგეთ. წელს ჯანდაცვის პროგრამების მიმართულებით, ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის ბიუჯეტი 27 მილიონზე მეტია. დაფინანსების თვალსაზრისით, ბევრი პროგრამა გვაქვს და ვისაც ამის საჭიროება გაქვთ, უნდა გამოიყენოთ. ჩვენი მხრიდან კი თანადგომა იქნება", - განაცხადა თბილისის მერმა.