თბილისში, ნორვეგიის საელჩოსთან მიხეილ სააკაშვილის მმართველობის დროს დაპატიმრებული პირების ახლობლების აქცია მიმდინარეობს.
როგორც აქციაზე შეკრებილები აცხადებენ, მათი პროტესტის მიზეზი ის ჯილდოა, რომელიც მიხეილ სააკაშვილმა ადამიანის უფლებებისთვის და დემოკრატიისთვის ბრძოლის საქმეში ნორვეგიის "კონსერვატიული პარტიისგან" მიიღო.
აქციის მონაწილეების თქმით, საქართველოში ნორვეგიის ელჩთან შეხვედრას ითხოვენ და პოზიციის დაფიქსირებას, იზიარებს თუ არა ნორვეგიის მთავრობა "კონსერვატიული პარტიის” მიერ გაცემული ჯილდოს მიზანშეწონილობას.
აქციის მონაწილეების განმარტებით, მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს ადამიანის უფლებები ირღვეოდა და ამის შემდეგ, საუბარი იმაზე, რომ "მიხეილ სააკაშვილი არის დემოკრატიის შუქურა”, მიუღებელია.
"უმჯობესი იქნებოდა, ამ ადამიანის დაჯილდოების ნაცვლად, დაეჯილდოებინათ ის ადამიანი, ვინც სააკაშვილი "გააქრო" - ბიძინა ივანიშვილი", - აცხადებენ აქციის მონაწილეები.
ადგილზე იმყოფებიან სამართალდამცველებიც.
ინფორმაციისთვის, საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს ადამიანის უფლებებისთვის და დემოკრატიისთვის ბრძოლის საქმეში პრიზი 2 დღის წინ გადაეცა. დაჯილდოების ცერემონია ნორვეგიაში გაიმართა.
"ჩემთვის დიდი პატივია ადამიანის უფლებების და დემოკრატიის უმაღლესი სტანდარტის ქვეყნისგან ჯილდოს მიღება, ადამიანის უფლებებისთვის და დემოკრატიისთვის ბრძოლის საქმეში. ამ პრემიამ ნორვეგიისგან უნდა დააფიქროს ზოგიერთი ჩვენი თანამოქალაქე, რომელიც წლების განმავლობაში წამოეგო ჩემი გაშავების კამპანიას. უნდა დაფიქრდნენ ისინი, ვისაც ჩემი სრულიად უსამართლო და სამარცხვინო პატიმრობა დემოკრატიის და ადამიანის უფლებების საკითხად კი არა, რაღაც პოლიტიკურ გარჩევად მიაჩნია. ის, რომ ჩემს პატიმრობაზე ამხელა ნეგატიური რეაქციაა მთელ ცივილიზებულ სამყაროში და პოზიტიური მხოლოდ კრემლში და "ოცნებაში", თითოეული ქართველის განსჯის საგანი უნდა იყოს", - წერს სააკაშვილი სოციალურ ქსელში.