მან აღნიშნა, რომ ნატოს მთავარი პრიორიტეტია უკრაინის სამხედრო მხარდაჭერის უზრუნველყოფა. სტოლტენბერგმა თქვა, რომ ბრძოლის ველზე გამარჯვებები უკრაინის შეიარაღებული ძალების დამსახურებაა, მაგრამ ნატოს მხარდაჭერის გარეშე ისინი ვერ შეძლებდნენ ამ წარმატებების მიღწევას.
"უნდა გვახსოვდეს, რომ თუ პუტინი და რუსეთი შეწყვეტენ ბრძოლას, იქნება მშვიდობა. თუ პრეზიდენტი ზელენსკი და უკრაინა შეწყვეტენ ბრძოლას, უკრაინა შეწყვეტს არსებობას, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო. ჩვენ არ გვინდა, ეს მოხდეს. ამიტომ ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინას", - განაცხადა გენერალურმა მდივანმა.
გარდა ამისა, სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციის მუქარა მიმართულია პარტნიორების შანტაჟისა და უკრაინის მხარდაჭერის შეწყვეტისკენ.
მისი თქმით, თუ ეს გაკეთდება, პრეზიდენტი პუტინი გაიმარჯვებს უკრაინაში.
"ეს ძალიან სახიფათო სიგნალს გაუგზავნის ყველა ავტორიტარულ ლიდერს. ეს ჩვენ უფრო დაუცველებს გაგვხდის", - აცხადებს სტოლტენბერგი.
სტოლტენბერგმა აღნიშნა, რომ ალიანსი ბირთვული შეტევის შემთხვევაში რეაგირებას მოახდენს თავდასხმის ტიპის, გარემოებების, კონტექსტის მიხედვით.
მისი თქმით, რუსეთმა იცის, რომ ამას სერიოზული შედეგები მოჰყვება.