ნატო-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებით, ჩინეთისა და რუსეთის მზარდი ურთიერთობები საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ აზიას, არამედ ევროპას.
მან ხაზი გაუსვა უფრო ძლიერი თანამშრომლობისა და მეტი მეგობრების მნიშვნელობას ნატო-სთვის ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონში. როგორც სტოლტენბერგმა ტოკიოში, კეიოს უნივერსიტეტში სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, ომმა უკრაინაში აჩვენა, რამდენად არის უსაფრთხოება ურთიერთდაკავშირებული.
მისივე თქმით, ჩინეთის მიერ ატომურ იარაღსა და შორი მანძილის რაკეტებში განხორციელებული ინვესტიცია მზარდია და ამასთანავე, არ არის გამჭვირვალე და არ არის ჩართული შინაარსობრივ დიალოგში ატომური იარაღის კონტროლის მიმართულებით.
"ფაქტი, რომ რუსეთი და ჩინეთი ერთმანეთს უახლოვდებიან, ასევე ის, რომ ჩინეთი ახორციელებს მნიშვნელოვან ინვესტიციებს თანამედროვე სამხედრო შესაძლებლობებში, ხაზს უსვამს, რომ ჩინეთი უქმნის საფრთხეს, ქმნის გამოწვევას ნატო-ს წევრებისთვისაც. უსაფრთხოება არ არის რეგიონალური, არამედ გლობალურია", - განაცხადა სტოლტენბერგმა.