ჩვენ ღირსეულად გვეჭირა თავი მთელი ამ პერიოდის განმავლობაში და ამის შედეგია ის, რომ საქართველოს პირველად, ოფიციალურად მიენიჭა ევროპული პერსპექტივა, - ამის შესახებ პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
მისი შეფასებით, ევროკომისიის მიერ წარმოდგენილ რეკომენდაციებზე მსჯელობა საქართველოს ხელისუფლებას ისედაც დაწყებული ჰქონდა, წლის ბოლოს კი, ანგარიშს წარადგენს.
"ეს არის ზუსტად ამ პოზიციონირების დამსახურება, დანარჩენი შევხედოთ მოვლენების განვითარებას. არის კონკრეტული დღის წესრიგი, რომელიც წარმოდგენილია. ეს დღის წესრიგი ისედაც შეთანხმებულია ჩვენსა და ევროკავშირს შორის ოფიციალურ დოკუმენტში, რასაც ერქვა ასოცირების შეთანხმების დღის წესრიგი. ისედაც დაწყებული გვქონდა ამ საკითხების განხილვა, ეს გაგრძელდება და წლის ბოლოსთვის წარვადგენთ ანგარიშს, როგორც ეს არის გათვალისწინებული", - განაცხადა კობახიძემ.
პარტიის თავმჯდომარის თქმით, ევროკავშირში გაწევრიანებას სულ მცირე 14-15 წელი მაინც სჭირდება, შესაბამისად, საქართველოსთვის "საჩქარო არაფერია".
"ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ მოგვენიჭა ევროპული პერსპექტივა. შესაბამისად, კიდევ ერთი ნაბიჯი გადაიდგა ევროკავშირში ინტეგრაციის მიმართულებით. ეს არის ძალიან შორი გზა. ბალკანეთის ქვეყნების გამოცდილებამ აჩვენა, რომ მინიმუმ 14-15 წელი სჭირდება გაწევრიანებას. შესაბამისად, რაღაც განსაკუთრებული საჩქარო არაფერია. ჩვენ გვაქვს კონკრეტული დღის წესრიგი, მათ შორის ასოცირების შეთანხმების შესრულება არის საჭირო და დღეს ვართ 45%-ზე, 70%-ზე ავდივართ 2 წელიწადში, 100%-ზე ავალთ მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში. ჩვენ გვაქვს დღის წესრიგი და გავყვებით ყველა ამ პუნქტს", - აღნიშნა უმრავლესობის ლიდერმა.