არიან ადამიანები, რომლებიც ფიქრობენ, რომ ეკლესიის "რეფორმირება", მისი დამორჩილება თუ დღეს გამეფებული ულტრალიბერალური წესების თამაშში მოქცევა აუცილებელზე აუცილებელი პირობაა, რათა საქართველომ პროგრესი განიცადოს და თუ გნებავთ, საქართველო ევროკავშირის წევრი გახდეს, - აღნიშნული განაცხადა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ფრაქცია "ქართული ოცნების" დეპუტატმა ირაკლი ქადაგიშვილმა გააკეთა.
ქადაგიშვილმა აქვე აღნიშნა, რომ „ანალოგიური პოსტულატებით ხელმძღვანელობდნენ ბოლშევიკი რევოლუციონერები, რომლებიც თვლიდნენ, რომ სარწმუნოება, ეკლესია არის ის მთავარი შემაფერხებელი ინსტიტუცია, რომელიც საქართველოს ნათელ მომავალს ხელს უშლიდა“.
"ძალიან უკვირთ, როდესაც ეკლესიის წარმომადგენელი იტყვის ხოლმე, რომ ეკლესიის წინააღმდეგ დაგეგმილად და თანმიმდევრულად აგიტაცია და პროპაგანდა მიმდინარეობს. მაგრამ ეს არის რეალობა და ეს არის ფაქტი. თუ არა ეს სიმბიოზი, რაც ილია ჭავჭავაძემ ძალიან ნათლად ასახა - ენა, მამული, სარწმუნოება - არ იქნებოდა არც საქართველო და არც საქართველოს სახელმწიფოებრიობა და არ იქნებოდა არც დამოუკიდებელი და თავისუფალი საქართველოს ლტოლვა ცივილიზებული საზოგადოებისკენ. აი, ამის წინააღმდეგ ბრძოლა არის მათი მთავარი მიზანი. ეს ადამიანები თვლიან, რომ ეროვნული სახით არ შეიძლება საქართველო შევიდეს ევროკავშირში, ისევე როგორც მათი სულიერი წინამორბედები თვლიდნენ, რომ მხოლოდ ფორმით უნდა ყოფილიყო კულტურა და საქართველო ქართული, შინაარსით კი უნდა ყოფილიყო სოციალისტური. ასე თვლიან დღეს ეს ადამიანები, რომ ეკლესია უნდა იყოს თანამედროვე, ულტრალიბერალური იდეოლოგიის ტყვეობაში მოქცეული. ვერ იქნება ასე, იმიტომ რომ საქართველო და საქართველოს ეკლესია ეს არის ის ერთი და განუყოფელი, რომლითაც საქართველო ცხოვრობდა, ცხოვრობს და მომავალშიც იცხოვრებს!", - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა პარლამენტის სხდომაზე.