მინდა სამძიმარი გამოვუცხადო უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლების ოჯახებს, მათ ახლობლებს, ნათესავებს - ჩვენთვის ეს ძალიან დიდი ტკივილია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
მისივე თქმით, უკრაინაში დაღუპული ქართველი სამხედროები საქართველოსთვის დიდი დანაკლისია და კიდევ ერთხელ განმარტა, რომ წინა შემთხვევების დროს დაღუპული სამხედროების გადმოსვენება საქართველოს მთავრობამ უზრუნველყო.
"გულწრფელად მინდა ამის თაობაზე ვთქვა, დიდი დანაკლისია. უკვე ჩვენი 33 თანამოქალაქე დაიღუპა ამ ომში, უკრაინაში, რაც, რა თქმა უნდა, ჩვენთვის ტრაგედიაა. ასე რომ კიდევ ერთხელ ვუსამძიმრებ მათ ოჯახებს.
ასევე, კიდევ ერთხელ მინდა განვმარტო, რომ ჩვენი მთავრობის გადაწყვეტილებით, ოჯახებთან შეთანხმებით, ყველა წინა შემთხვევების დროს დაღუპულის გადმოსვენება მთავრობის უშუალო ჩართულობით მოხდა. ამ ხარჯებს სრულად მთავრობა ფარავს და ასევე, ჩვენი გადაწყვეტილებით, ვინაიდან მათი უმეტესობა იყო ყოფილი სამხედრო, პოლიციელი, ოფიცერი, მათ მიღებული აქვთ მონაწილეობა ჩვენს ტერიტორიაზე ომებში, ყველა ღირსეულად, სამხედრო პატივით იქნა დაკრძალული," - განაცხადა პრემიერმა.
პრემიერის განცხადებით, ოპოზიციის წარმომადგენლები ომში დაღუპული სამხედროების საკითხით გარკვეული დივიდენდების მიღებას ცდილობენ.
"ასევე მინდა ვთქვა, ვუყურებთ რა, ბოლო დღეების განმავლობაში ატეხილ აჟიოტაჟს და ყველაზე მგრძნობიარე საკითხს, ადამიანი გარდაიცვალა ომში და ამაზე ვიღაც, ფარისეველი, მე ასე უნდა ვუწოდო, ყალბი, გამყიდველი პოლიტიკოსები გარკვეული დივიდენდების მიღებას ცდილობენ. ამაზე ამორალური თუ რამე არსებობს. მინდა ყველას შევახსენო, ეს ადამიანები, ეს ე.წ. ომის პარტია და გამყიდველების პარტია, შეიძლება ასე ითქვას, უკრაინაში ომის დაწყების დღიდან, ცდილობდა და ცდილობს გარკვეული პროვოკაციების მოწყობას. მათი ორგანიზებულია ახლაც სამწუხაროდ - ჩვენი თანამოქალაქეები ომის პარტიის წარმომადგენლებს უკრაინაში მიჰყავთ. მათი არაერთი პროვოკაცია იქნა თავიდან არიდებული ჩვენი მთავრობის მიერ და ყველას კარგად გვახსოვს, როგორ მოიქცა რეალური მათი ლიდერი და მათი მმართველობა აგვისტოს ომის დროს," - განაცხადა პრემიერმა.