საქართველოს 4 000 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთი გადაეცა მაცხოვრის ნათლობის ადგილზე, მდინარე იორდანესთან. ჩვენი ქვეყნის საკუთრებაში არსებული მიწა მაცხოვრის ნათლობის ადგილის მიმდებარედ, მდინარე იორდანესთან 15-20 მეტრის მანძილზეა. საქართველოს პატრიარქის, ილია მეორის ლოცვა-კურთხევით, მიწის ნაკვეთზე ქართული კულტურის ცენტრი აშენდება. პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საზეიმო ვითარებაში გახსნა მემორიალური ქვა, რომელზეც საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორისა და პრემიერ-მინისტრის ხელმოწერებია.
"დღეს ისტორიული დღეა. ჩვენ ოფიციალურად გადმოგვეცა მიწა, სადაც აშენდება ქართული კულტურის ცენტრი. ეს არის ყველა ქართველისთვის, ალბათ, საოცნებო დღე, ვინაიდან ქართველები 300 წლის შემდეგ ვბრუნდებით წმინდა მიწაზე. მინდა, კიდევ ერთხელ აღვნიშნო, რომ ამ საქმეში ფასდაუდებელი წვლილი აქვს მეფე აბდალა II-ს, პრინც ღაზის, ასევე იერუსალიმის პატრიარქს, ჩვენს პატრიარქს, ჩვენს მთავრობას. კიდევ ერთხელ ვულოცავ ყველა ქართველს, ყველა მართლმადიდებელ ქრისტიანს ამ მნიშვნელოვან მოვლენას. კონცეფცია ძალიან მალე იქნება მზად, ჩემი სურვილია, რომ ძალიან მალე დავიწყოთ მშენებლობა. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რათა დროულად მოხდეს კონცეფციაზე შეჯერება. ამ პროექტს, რა თქმა უნდა, გავაცნობთ საზოგადოებას და ამის შემდეგ დაიწყება მშენებლობა", – განაცხადა პრემიერმა.