გერმანიის კოალიციური მთავრობა მუშაობს იმაზე, რომ მიგრანტებს გერმანიის მოქალაქეობის მიღება გაუადვილოს, - ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
გამოცემა Bild-ის ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტრო მუშაობს კანონპროექტზე, რომელიც გერმანიაში მცხოვრებ უცხოელებს საშუალებას აძლევს, მოქალაქეობის მიღების თხოვნით განაცხადი 8-ის ნაცვლად 5 წლის შემდეგ შეიტანონ.
გამოცემის ინფორმაციით, კანონპროექტის თანახმად, გერმანიაში დაბადებულ უცხოელ ბავშვებს მოქალაქეობა ავტომატურად მიენიჭებათ, თუ ერთ-ერთ მშობელს ხუთი წლის განმავლობაში გერმანიაში ლეგალური ცხოვრების უფლება აქვს.
გარდა ამისა, 67 წლის ზემოთ ასაკის ადამიანებს წერილობითი ენის გამოცდის ჩაბარება აღარ მოეთხოვებათ და მოქალაქეობის მისაღებად ზეპირი კომუნიკაციის უნარი საკმარისი იქნება.
ამასთან, რამდენიმე დღის წინ ვებგვერდმა The Local-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ მიგრანტებს ასევე ექნებათ ორმაგი მოქალაქეობის უფლება, რაც ამჟამად გერმანიაში მხოლოდ ევროკავშირისა და შვეიცარიის მოქალაქეებისთვისაა დაშვებული.