დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი შეიმუშავა. მწვანე ნარგავების დაზიანებისთვის ჯარიმა 500 ლარიდან 5 000 ლარამდე გაიზრდება, ხოლო განმეორების შემთხვევაში – 1 000-დან 10 000 ლარამდე.
„ყველამ კარგად იცით რამხელა მნიშვნელობა აქვს ქალაქში რეკრეაციული სივრცეების არსებობას და რამხელა ყურადღებას უთმობს ქალაქის მთავრობა მათ არსებობას, განახლებას, ჩანაცვლებას. შეიძლება ითქვას, რომ რეაბილიტირებული რეკრეაციული სივრცეები, პარკები, სკვერები თბილისელების და ჩამოსული სტუმრების საყვარელ ადგილებად იქცა, თუმცა გვაქვს გარკვეული პრობლემები გამწვანების მიმართულებით, რადგან ძალიან ხშირად ფიქსირდება ისეთი ფაქტები, რომ ხდება უნებართვო ჭრა, ხეების მიზანმიმართულად დაზიანება. შესაბამისად, გვინდა ამ მიმართულებით ჩვენი მიდგომები კიდევ უფრო გავამკაცროთ. მომზადებული გვაქვს საკანონმდებლო ცვლილება, რომელიც საქართველოს პარლამენტს გაეგზავნება და დარწმუნებული ვარ, მათი მხარდაჭერით, შევძლებთ არსებული კანონმდებლობის გამკაცრებას. შემოთავაზებული ცვლილებით, გამკაცრდება კანონმდებლობა უკანონო ჭრებისთვის და გაიზრდება 500 ლარიდან 5 000 ლარამდე, ხოლო განმეორებითი ჩადენის შემთხვევაში, 1 000-ლარიანი ჯარიმა გაიზრდება 10 000 ლარამდე“, – აღნიშნა თბილისის მერმა.
მისივე თქმით, შესაბამის საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტში შეიცვლება გარემოსთვის მიყენებული ზიანის ოდენობის გამოთვლის წესი, ასევე, იმ ადგილებზე, სადაც განხორციელდა მწვანე ნარგავის უკანონო ჭრა, აიკრძალება შენობის განთავსება.
„რაც შეეხება ისეთ შემთხვევებს, როდესაც ვერ დგინდება უნებართვოდ მოჭრილი მწვანე ნარგავის სახეობა და შესაბამისი ზიანი, ამ შემთხვევაში, ზიანის ოდენობად განისაზღვრება 5 000 ლარი. აღნიშნული საკანონმდებლო პროექტით, ასევე, იცვლება გარემოსთვის მიყენებული ზიანის ოდენობის გამოთვლის წესი და კატეგორიების მიხედვით არსებული შემასწორებელი კოეფიციენტები სამმაგდება. ასევე, იმ ადგილებზე, სადაც განხორციელდა მწვანე ნარგავის უკანონო ჭრა, აიკრძალება შენობის განთავსება და მშენებლობის პროცესში ნებისმიერი მექანიკური დაზიანებისას პასუხისმგებლობა ნებართვის მფლობელს დაეკისრება. გვაქვს ისეთი შემთხვევები, როდესაც ადამიანები მშენებლობის დროს ნარგავებს ჭრიან წინასწარ ან აფუჭებენ. შემდეგ მოდიან თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურში და ითხოვენ ნებართვის მიღებას. არცერთ ასეთ შემთხვევაზე არ მოხდება ნებართვის გაცემა და არ მიეცემათ პირებს მშენებლობის უფლება, სადაც მწვანე ნარგავი წინასწარ დაზიანებული ან მოჭრილი იქნება. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ძალიან ცუდი მდგომარეობაა საექსპერტო დასკვნებთან დაკავშირებით. ამ მიმართულებითაც გამკაცრდება კანონმდებლობა. კერძოდ, თუ ექსპერტი წარმოადგენს არასწორ დასკვნას, იგი დაჯარიმდება, ხოლო განმეორებით არასწორი დასკვნის წარდგენის შემთხვევაში, საქმიანობის უფლება საერთოდ შეუჩერდება და ვეღარასდროს გააგრძელებს ამ მიმართულებით მუშაობას“, – განაცხადა კახა კალაძემ.
ამასთან, დედაქალაქის მერის თქმით, აღნიშნული რეგულაციების დროულად ამოქმედების უზრუნველსაყოფად, თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურს დაევალება საკანონმდებლო პროექტების წარდგენა საკრებულოსა და პარლამენტის წინაშე.