24.11.2024 | 21:50
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
ნანა დევდარიანი: "ზედმეტად აჟიტირებული მიდგომა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიმართ არ არის გამართლებული"

ამის შესახებ "პატრიოტთა ალიანსის" ერთ-ერთმა ლიდერმა ნანა დევდარიანმა განაცხადა. მისი თქმით, კანდიდატის სტატუსი სულაც არ ნიშნავს, რომ ახლო მომავალში ევროკავშირის წევრად მიგვიღებენ. დევდარიანი ყურადღებას ხელისუფლების მხრიდან ევროკომისიისათვის გაგზავნილ კითხვარზე ამახვილებს და აღნიშნავს, რომ მასზე გაცემული პასუხების ცოდნა მოსახლეობისთვის მნიშვნელოვანია. მისივე თქმით, აუცილებელია, ვიცოდეთ, რის საფასურად იღებს ჩვენი ქვეყანა კანდიდატის სტატუსს.

"დღეს ეს შიდაპოლიტიკური დაპირისპირების საჯილდოო ქვად იქცა. ჯერ ერთი, კანდიდატის სტატუსი არ ნიშნავს, რომ ახლო მომავალში მიგიღებენ ევროკავშირის წევრად. მეორეც, ჩვენ არ ვიცნობთ იმ კითხვარის პასუხებს, რაც ჩვენმა ხელისუფლებამ გაუგზავნა ევროკომისიას და ეს არის ძალიან ცუდი. იმიტომ რომ ხალხის სახელით მოქმედებს მთავრობა და ჩვენ უნდა ვიცოდეთ, იმ კითხვარში რა პასუხებია გაცემული. შესაბამისად, უნდა ვიცოდეთ კანდიდატის სტატუსს რის საფასურად ვიღებთ. ანუ, რა ვალდებულებების საფასურად, რასაც დამატებით კიდევ დავიკისრებთ. ეს ზედმეტი ვალდებულებაა, თორემ პრეფერენცია, ანუ სარგებელი აქედან, ამ სტატუსიდან დიდი არაფერია, გარდა ოპტიმისტური განწყობისა. ამიტომ, ზედმეტად აჟიტირებული მიდგომა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიმართ არ არის გამართლებული. ახლა ეს "ნაც-ქოცური" თამაშების განუყოფელი ნაწილია და, რა თქმა უნდა, ეს თემატიკაც ამისთვის არის გამოყენებული. თუ ვერ მივიღებთ კანდიდატის სტატუსს, ესე იგი, ძალიან ცუდია "ქართული ოცნების" ხელისუფლება - ამას ამბობს "ნაციონალური მოძრაობა". თავის მხრივ, "ქართული ოცნება" აცხადებს, რომ "ნაციონალურმა მოძრაობამ" ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რათა არ მივიღოთ კანდიდატის სტატუსი. ჩემი აზრით, კანდიდატის სტატუსს ვერც ერთი ქვეყანა ამ "ტრიოდან" ვერ მიიღებს, მაგრამ თუ მოხდება ისე, რომ მხოლოდ საქართველოს არ მიანიჭებენ, ეს უკიდურესად გაზრდის ანტიევროპულ განწყობილებებს, რადგან ყველა მაჩვენებლით საქართველო უკრაინასა და მოლდავეთზე წინ დგას. საზოგადოდ, ევროპული ღირებულებების პროპაგანდას ის ადამიანები ეწევიან, ვის მიმართაც საზოგადოებას მკვეთრად უარყოფითი დამოკიდებულება აქვს. ესეც ხელს უწყობს ანტიდასავლური განწყობილების გაღვივებას და, ალბათ, ევროკავშირში ამაზეც უნდა დაფიქრდნენ", - განაცხადა ნანა დევდარიანმა.

დღის გადაცემები