24.11.2024 | 19:35
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
პრემიერი: "თუ ვინმეს კიევში მოგზაურობის სურვილი აქვს, ყველა თავისუფალია, არავის ვზღუდავთ - იმ განცხადებების ფონზე, რაც უკრაინის ხელმძღვანელობისგან ისმის, თავმოყვარე მთავრობა იმოქმედებდა ისე, როგორც ჩვენ ვმოქმედებთ"

თუ ვინმეს კიევში მოგზაურობის სურვილი აქვს, ყველა ადამიანი თავისუფალია, ჩვენ არავის ვზღუდავთ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ გაკეთებული განცხადების შესახებ აღნიშნა.

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, იმ განცხადებების ფონზე, რაც უკრაინის პოლიტიკური ხელმძღვანელობისგან ისმის, ნებისმიერი თავმოყვარე მთავრობა იმოქმედებდა ისე, როგორც საქართველოს მთავრობა მოქმედებს.

"მე პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილის განცხადება პირადად არ მომისმენია, თუმცა შინაარსიდან გამომდინარე შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენ, ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესიდან გამომდინარე ვმოქმედებთ. არაერთ რეზოლუციას შევუერთდით. ახლა, სხვა ევროპელ ლიდერებთან ერთად, საგარეო საქმეთა მინისტრი ნიუ-იორკშია, სადაც გაეროს ასამბლეაში მონაწილეობა მიიღო და ქვეყნის სახელით ჩვენი პოზიცია წარადგინა. მან უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ სოლიდარობა კიდევ ერთხელ გამოხატა. თუ ვინმეს ამაზე მეტის გაკეთების სურვილი აქვს, მათ შორის კიევში მოგზაურობის, ყველა ადამიანი თავისუფალია და ჩვენ არავის ვზღუდავთ. მეორე მხრივ, იმ განცხადებების ფონზე, რაც უკრაინის პოლიტიკური ხელმძღვანელობისგან ისმის, ნებისმიერი თავმოყვარე მთავრობა იმოქმედებდა ისე, როგორც ჩვენ ვმოქმედებთ“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მისივე თქმით, ხელისუფლებაში დესტრუქციული ოპოზიცია რომ ყოფილიყო, საქართველო „პოლიგონად გადაიქცეოდა".

ასევე, როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, საქართველოში ჩამოსული უკრაინელები დაცულად ცხოვრობენ და მათთვის ხელისუფლებამ მაქსიმალური კომფორტი შექმნა.

"ყველა უკრაინელი, რომელიც ჩვენს ქვეყანაში იმყოფება, დაცულად ცხოვრობს. ჩვენ მათ მაქსიმალური კომფორტი შევუქმენით, უკრაინულ ენაზე სკოლები გავუხსენით. რაც შეგვიძლია, ყველაფერს ვაკეთებთ.

საბედნიეროდ, მადლობა ღმერთს, ჩვენ ვართ ხელისუფლება, რომელმაც მეორე ფრონტი და პროვოკაციები თავიდან აიცილა. ხელისუფლებაში ეს დესტრუქციული ოპოზიცია რომ ყოფილიყო, დღეს საქართველოც, მსგავსად უკრაინისა, პოლიგონად გადაიქცეოდა. ყველანი ვიყოთ მშვიდად, წყნარად, ჩვენს საქმეს მივხედოთ და ჩვენს ქვეყანაზე ვიზრუნოთ", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

დღის გადაცემები