ვინც ომის დროს ტელეეკრანებთან პოზირებს, როგორც წესი, ძალიან მძიმედ ამთავრებს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა რატი იონათამიშვილმა განაცხადა, რითაც ალექსეი არესტოვიჩის გადადგომას გამოეხმაურა.
იონათამიშვილი მიიჩნევს, რომ უკრაინის პოლიტიკაში არესტოვიჩს მხოლოდ გარკვეული მესიჯების გამხმოვანებლის როლი ჰქონდა.
"ომის დროს არიან ადამიანები, ვინც ღირსეულად იბრძვიან და არიან ადამიანებიც, ვინც ტელეეკრანებთან პოზირებენ ხოლმე - ვინც ამ მეორე გზას ირჩევს, როგორც წესი, ძალიან მძიმედ ამთავრებს. შესაბამისად, აქ უჩვეულო არაფერია. უბრალოდ, მე გავიხსენებდი, ამ ადამიანს ზოგიერთი ჩვენი რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენელი ლამის ყველაზე გავლენიან პოლიტიკოსად თვლიდა დედამიწის ზურგზე და დღეს საინტერესო იქნება მათი რეაქცია და კომენტარები ამასთან დაკავშირებით. ეს ადამიანი რომ დიდ ფიგურას არ წარმოადგენდა და გარკვეული მესიჯების გამხმოვანებელი იყო, ეს ძალიან კარგად ვიცით ჩვენც და საზოგადოებამაც", - განაცხადა იონათამიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩეველმა, ალექსეი არესტოვიჩმა თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადება დაწერა.
"დავწერე განცხადება გადადგომის შესახებ. მინდა გაჩვენოთ ცივილიზებული ქცევის მაგალითი: ფუნდამენტური შეცდომა ნიშნავს გადადგომას“, - წერს არესტოვიჩი.
არესტოვიჩის გადადგომა 14 იანვარს რუსული ძალების მიერ ქალაქ დნიპროზე სარაკეტო თავდასხმის განხორციელებასთან დაკავშირებულ მის განცხადებას უკავშირდება. კერძოდ, არესტოვიჩმა განაცხადა, რომ რაკეტა, რომელიც საცხოვრებელ კორპუსს მოხვდა, უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემამ ჩამოაგდო და დაცემისას აფეთქდა. უკრაინის რადას დეპუტატმა ოლექსი გონჩარენკომ გუშინ გაავრცელა ინფორმაცია, რომ უკრაინის საკანონმდებლო ორგანოში პრეზიდენტის ოფისის მრჩევლის გადაყენების მოთხოვნით ხელმოწერებს აგროვებენ.