"ქართული ოცნების" გუნდის ყოფილმა წევრმა, სოზარ სუბარმა განმარტა, თუ რატომ გადაწყვიტა პარტიის დატოვება.
როგორც მან აღნიშნა, ზოგჯერ უბრალოდ დგება საკითხი, როდესაც ქვეყნის ინტერესიდან გამომდინარე, უფრო მეტი უნდა უთხრა ხალხს.
"საზოგადოებამდე ინფორმაცია მიდის, მაგრამ როცა მმართველ გუნდში ხარ, გარკვეული შეზღუდვები გაქვს, მათ შორის ინფორმაციები, რომლებიც ღიად არ ითქმის, რომლებიც კულუარებში ხდება. ზოგჯერ უბრალოდ დგება საკითხი, როდესაც ქვეყნის ინტერესიდან გამომდინარე, უფრო მეტი უნდა უთხრა ხალხს. მმართველი გუნდის პოზიციიდან გამომდინარე, ამის თქმა არ გამოდიოდა იმიტომ, რომ იძულებული ხარ ანგარიში გაუწიო მეგობრებს, იძულებული ხარ, ანგარიში გაუწიო თანამებრძოლებს", - განაცხადა სუბარმა.
მისი თქმით, ხალხმა სიმართლე უნდა იცოდეს.
"რთული პერიოდი დგას დღეს ჩვენს რეგიონში, ზოგადად, და საქართველოც ამ რეგიონის ნაწილია. მოგისმენიათ არაერთი განცხადება, როცა პირდაპირ გვთხოვდნენ ომში ჩართვას, იყო ამის პირდაპირი მცდელობები, იყო არაპირდაპირი მცდელობებიც. ერთადერთი, რასაც შეუძლია, ჩვენ ეს საფრთხე თავიდან აგვაცილოს, არის ხალხის მხარდაჭერა და ხალხის განწყობა. ხალხმა უნდა იცოდეს სიმართლე, ერთი მხრივ, დგას ომში ჩართვის საფრთხე, მეორე მხრივ, ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილების კარიბჭესთან ვდგავართ- ეს არის ევროკავშირში ჩვენი გაწევრიანების შესაძლებლობა. თუკი ახდა მათი განწყობა, ვისაც უნდა ომში ჩართვა, მაშინ ყველაფერი განზე დაგვრჩება. ამიტომ, ჩვენ უნდა ვუთხრათ ხალხს უფრო მეტი სიმართლე, ვიდრე ამის საშუალებას იძლევა ის, როცა მმართველი გუნდის წევრი ხარ",-განაცხადა სუბარმა.
კითხვაზე, ხომ არ იგეგმება, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის თანამდებობიდან წასვლა და ახალი პოლიტიკური გუნდის შექმნა, სუბარმა უპასუხა, რომ „არაფერი მსგავსი არ იგეგმება და არ მოხდება“.
"საქართველოს მთავრობა, ქართველი ხალხი დღეს უდიდესი გამოწვევის წინაშე ვართ. ქვეყნის სტრატეგიული მიზანი რაც იყო, ევროკავშირში გაწევრიანება, აქ ვართ და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ გაწევრიანება რაც შეიძლება უტკივნეულოდ მოხდეს. უმტკივნეულოში ვგულისხმობ იმას, რომ ომში ჩართვა თავიდან უნდა ავირიდოთ. ომში ჩართვა თუ მოხდა, შემდეგ ყველაფერი აზრს დაკარგავს", - აღნიშნა სუბარმა.
ცნობისთვის, სოზარ სუბარი, მიხეილ ყაველაშვილი და დიმიტრი ხუნდაძე პარტია "ქართულ ოცნებას", ფრაქციას და საპარლამენტო თანამდებობებს ტოვებენ. ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის თქმით, დეპუტატებს მიაჩნიათ, რომ ე.წ. კულისებიდან პოლიტიკური ფაქტებისა და მოვლენების შესახებ მეტი ინფორმაცია უნდა ვრცელდებოდეს და ამის გახმოვანებისთვის თავისუფალი საპარლამენტო მანდატი სჭირდებათ, რადგან გუნდის შიგნით შესაძლოა, უხერხულობები შექმნან.