"ნაციონალური მოძრაობის" რეჟიმი უნდა გამოცხადდეს დამნაშავედ, ეს პარტია უნდა გაუქმდეს, პირადად მე ჩავუდგები ამას სათავეში, დავანახებთ ევროპასა და ამერიკას, ვინ იყვნენ ეს ადამიანები, ეს არის იმის ბრალი, რომ რეჟიმი არ გასამართლდა, - ამის შესახებ ბუტა რობაქიძის მამამ, სოსო რობაქიძემ ნორვეგიის საელჩოსთან აქციაზე განაცხადა.
როგორც სოსო რობაქიძემ აღნიშნა, მიხეილ სააკაშვილისთვის ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიისთვის ბრძოლაში ნორვეგიისგან ჯილდოს გადაცემა მიუღებელია.
"სტალინი და ბერია თავისი ხელით კი არ ხვრეტდა ხალხს, სისტემას ქმნიდნენ ისეთს და 37-38 წლამდე იყო რეპრესიული. როცა ნულოვან ტოლერანტობას აცხადებ, როცა ტყვიები არ გენანება... რაკეტების ბრძანება მე გავეცი აფრასიძეების საქმეში? პასუხი არ უნდა აგო? დღეს რომ რაღაც მოხდება, ყველაფერს ხომ აბრალებენ ამ მთავრობასა და ივანიშვილს, ვერ გავიგე, მაშინ რაც მოხდა, იმათ არ უნდა დაჰბრალდეთ? მე ვითხოვ და ჩავუდგები სათავეში ალბათ აპრილ-მაისში, ეს რეჟიმი უნდა გამოცხადდეს დამნაშავედ, "ნაციონალური მოძრაობა" უნდა გაუქმდეს და მილიონ ათასზე მეტი ხელმოწერა უნდა იყოს. პირადად დავიწყებ ამას და დავანახებთ ევროპასა და ამერიკას, ვინ იყვნენ ეს ადამიანები, ეს არის იმის ბრალი, რომ რეჟიმი არ გასამართლდა. ჰიტლერმა ექვსი მილიონი ებრაელი დახვრიტა და თითო კაცის საქმე რომ გამოეძიებინათ, დღესაც დაუმთავრებელი იქნებოდა, რეჟიმი უნდა გასამართლდეს და გაუქმდეს პარტია", – განაცხადა სოსო რობაქიძემ.
ნორვეგიის საელჩოსთან მიხელ სააკაშვილის ხელისუფლების დროს დაზარალებულების ოჯახის წევრები აქციას მართავენ.