24.11.2024 | 20:52
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
სოსო ტყემალაძე: "მოგიწოდებთ ყველას, ვინც ცდილობთ ახალგაზრდების ქუჩის აქციებში ჩართვას – შეჩერდით"

"მოგიწოდებთ ყველას, ვინც ცდილობთ ახალგაზრდების, მათ შორის, ახალგაზრდა მორაგბეების ქუჩის აქციებში ჩართვას, მცდარი განცხადებებით გამოყვანას, მათ პატრიოტულ გრძნობებზე თამაშს სახელმწიფო თუ სხვა საფრთხეების გამოგონებით, – შეჩერდით, ცეცხლს ეთამაშებით, ეს ცუდად დაგიბრუნდებათ", – განაცხადა რაგბის კავშირის პრეზიდენტმა სოსო ტყემალაძემ.

"სჯობს ახალგაზრდებს სტიმული მიეცით განათლებისთვის, გაჯანსაღებისთვის, სპორტული წარმატებისთვის, – მოუწოდეთ, ეზიარონ და გაუფრთხილდნენ ბუნებას, დარგონ ხეები, – შექმნან მომავალი.

ბოლო პერიოდში კამპანიური ხასიათი მიიღო ახალგაზრდა სპორტსმენების, მათ შორის მორაგბეების სოცქსელში ბულინგმა და დამუნათებამ, რომ თუ არ გავლენ ქუჩაში ევროპის თუ რუსეთის მოთხოვნით, არაპატრიოტებად ჩაითვლებიან …. სინამდვილეში სწორედ ისინი არიან პატრიოტები, – მოქმედი თუ ყოფილი მორაგბეები, რომლებმაც საკუთარი ოფლისა და სისხლის ფასად ქართული დროშა მსოფლიოს დასანახად ააფრიალეს – ისტორიული გამარჯვებები მოგვიტანეს 6 ერის ქვეყნებთან, უელსთან და იტალიასთან, მთელი მსოფლიო აალაპარაკეს საქართველოს ისტორიაზე, ქართული სპორტის ფესვებზე, დაანახეს როგორი პროგრესი მოაქვს მშვიდობას და შრომას, როგორი უძლეველია ერთ მუშტად შეკრული გუნდი, ერთად მდგარი საქართველო.

მოვუწოდებ ყველას – ვის ინტერესსაც არ უნდა ემსახურებოდეთ, თავი შორს დაიჭირეთ ახალგაზრდა მორაგბეებისგან, წინ კი არ გადაუდგეთ მათ, არამედ დაუდექით გვერდში და სპორტულ აღმასვლაში შეუწყვეთ ხელი. წელს უმცროსიც და უფროსი ბორჯღალოსნებიც მსოფლიო ჩემპიონატზე ასპარეზობენ და მთელი ერის თანადგომა სჭირდებათ რომ ახალი ისტორიული გამარჯვებებით ისევ ასახელონ სამშობლო. დიდი გამარჯვებები კი ჩვენს ერთად დგომას, მშვიდობას და შრომას მოაქვს მხოლოდ", – აცხადებს ტყემალაძე.

დღის გადაცემები