ახლა უკრაინა არის ომში და საქართველო მას გამარჯვებას უსურვებს, თუმცა ეს ომი დასრულდება, უკრაინა გაიმარჯვებს და შემდეგ, რა თქმა უნდა, იქნება საკითხები, რომელზეც საჭირო იქნება საუბარი. მათ შორის, ზოგიერთ განცხადებებზე, რომელიც ახლა კეთდება და მათ შორის, ისეთ საკითხებზე, როგორიც არის საქართველოში სასჯელმისჯილი ადამიანების შეფარება და არა მხოლოდ შეფარება, არამედ მაღალ თანამდებობებზე დაწინაურება, - ამის შესახებ შალვა პაპუაშვილმა პირველი არხის ეთერში განაცხადა.
პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, უკრაინელი ხალხი სამართლიან ბრძოლაში იმყოფება და ქართველები მათ მიმართ სოლიდარულები ვართ.
"უკრაინელი ხალხი ქართველებისთვის ძალიან ახლოს მყოფი ერია და რა თქმა უნდა, მათ მიმართ სოლიდარული ვართ. მეორე არის ის ბრძოლა, რომელშიც უკრაინა ახლა იმყოფება. რა თქმა უნდა, ეს არის სამართლიანი ბრძოლა და აქ სოლიდარობა თავისთავად არის ჩვენი მათ შორის, ადამიანური ვალდებულება, რომ სოლიდარული ვიყოთ სამართლიანად მებრძოლი ერის მიმართ. აქედან გამომდინარე, არის ჩვენი ყველანაირი სიმპათია უკრაინელი ხალხის მიმართ. რაც შეეხება ხელისუფლებებს შორის ურთიერთობას, აქაც არ არის ისე, როგორც ხდება ხოლმე წარმოჩენა. მე მქონდა შეხვედრა ვიცე-სპიკერთან და დელეგაციასთან და სინამდვილეში, როდესაც ჩვენ ერთმანეთს ვესაუბრებით, ყველაფერი ძალიან გასაგებად არის. ზოგიერთი უცხოელი პოლიტიკოსის არ იყოს, უკვე სახეზე ვიცით რამდენიმე უკრაინელი პოლიტიკოსი, თუ მრჩევლის რანგში მყოფი ადამიანი, ვინც გარკვეულ განცხადებებს აკეთებს. სხვათა შორის, ჩვენი კოლეგები ხაზს უსვამენ, რომ ჩვენ ყურადღება მივაქციოთ, ვინ საუბრობს და წარმოადგენს თუ არა ის უკრაინის ოფიციალურ პოზიციას. როდესაც საუბარი გვაქვს ზოგიერთ ადამიანზე, ვინც გარკვეულ განცხადებებს აკეთებს, არის მითითება, რომ ისინი ამ შემთხვევაში არ წარმოადგენენ უკრაინის ხელისუფლების პოზიციას", - განაცხადა პაპუაშვილმა.