როგორც მე ვიცი, მიხეილ სააკაშვილი არ არის უკრაინის ერთადერთი მოქალაქე, რომელიც სასჯელს იხდის საქართველოს ტერიტორიაზე, - ასე ეხმიანება უკრაინის საგარეო უწყების განცხადებას პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი.
პაპუაშვილი აღნიშნავს, რომ სააკაშვილს დანაშაული საქართველოს ტერიტორიაზე აქვს ჩადენილი.
"მიხეილ სააკაშვილს ჩადენილი აქვს დანაშაულები საქართველოს ტერიტორიაზე, ამ დანაშაულებს მათ შორის, უკვე აღარავინ აღარ უარყოფს. ჩვენ ვნახეთ რეზოლუციაც, სადაც ერთი სიტყვაც არ არის ნათქვამი იმაზე, რომ მიხეილ სააკაშვილი თითქოს, უკანონოდ არის გასამართლებული. ამაზე აღარავინ აღარ დავობს. შესაბამისად, მას ჩადენილი აქვს დანაშაული საქართველოს ტერიტორიაზე და სასჯელს იხდის საქართველოს ტერიტორიაზე. ის არ არის უკრაინის ერთადერთი მოქალაქე, როგორც მე ვიცი, რომელიც სასჯელს იხდის საქართველოს ტერიტორიაზე, საქართველოს ციხეში," - განაცხადა პაპუაშვილმა.
ინფორმაციისთვის, უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო ქართულ მხარეს მოუწოდებს, მიხეილ სააკაშვილისთვის "სათანადო სამედიცინო დახმარება უზრუნველყოს, ასევე, დააკმაყოფილოს შუამდგომლობა მიხეილ სააკაშვილის სასჯელის გადავადების თაობაზე შემდგომი მკურნალობის, გადაყვანის მიზნით ევროპის ან ამერიკის რომელიმე კლინიკაში”.
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო ასევე მოუწოდებს ქართულ მხარეს, უზრუნველყოს უმაღლესი რადას ადამიანის უფლებათა კომისრის, დმიტრი ლუბინეცის სააკაშვილთან შესვლა.