24.11.2024 | 21:28
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
შვედეთის ელჩი: "რეფორმები, რეფორმები და რეფორმებია გზა ევროპისკენ – მეორე საკითხია, რას გააკეთებს თავად საქართველო ამ გრძელვადიან პროცესში"

ევროინტეგრაცია რა თქმა უნდა, არის გრძელვადიანი პროცესი. ეს არ არის სპრინტი, ეს არის მარათონი. მეორე საკითხია, რას გააკეთებს თავად საქართველო ამ გრძელვადიან პროცესში, – ამის შესახებ შვედეთის ელჩმა საქართველოში ულრიკ თიდესტრომმა განაცხადა.

მისი თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია რეფორმების გაგრძელება და მათი აჩქარებაც კი, რადგან მხოლოდ რეფორმები არის გზა ევროპისკენ. ელჩის განმარტებით, რეფორმების გატარება, რომელიც ქვეყანას არა მხოლოდ აახლოებს ევროპასთან, არამედ აძლიერებს მას, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რუსეთის აგრესიის ფონზე.

"ჩვენ ველით დისკუსიებს ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის. დღეს მე არ დავიწყებ სპეკულაციას შედეგთან დაკავშირებით და არ გავაკეთებ რაიმე სახის ნაადრევ კომენტარებს. ჩვენ ახლა პირველი ნაბიჯის სახით ველით ევროკომისიის მოსაზრებას. მე ვიტყოდი უფრო ზოგადი ბუნების სამ რამეს. პირველი, ევროინტეგრაცია, რა თქმა უნდა, არის გრძელვადიანი პროცესი.

ეს არ არის სპრინტი, ეს არის მარათონი. მე დღეს ვატარებ ჰალსტუხს, რომელიც მივიღე 2015 წელს ლატვიისგან, როგორც ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნისგან. ლატვიამ ევროკავშირის წევრობაზე განაცხადი შეიტანა, ვფიქრობ, ეს იყო 1995 წელს, მათ პირველი მოსაზრება ევროკომისიისგან ორი წლის შემდეგ მიიღეს და შემდგომი მოსაზრება ევროკომისიისგან უკვე 1999 წელს. მათ მოლაპარაკებები დაიწყეს 2000 წელს და ევროკავშირის წევრები გახდნენ 2004 წელს. ასე რომ, როდესაც ვუყურებთ პროცედურას, კრიტერიუმებს და ევროინტეგრაციის ისტორიას, ჩვენ ვიცით როგორც ფაქტი, რომ ეს გრძელვადიანი პროცესია. ევროკავშირის გაფართოების ისტორიაში არ ყოფილა მოკლე გზა, რომელიმე აპლიკანტი ქვეყნისთვის.

მეორე საკითხია, რას გააკეთებს თავად საქართველო ამ გრძელვადიან პროცესში. ჩემთვის ეს გულისხმობს ძირითადად სამ საკითხს, ეს არის ძლიერი ეროვნული ერთობა ამ პროცესში. მეორე, არ იქნება თავის არიდების საშუალება ევროკავშირის ღირებულებების მკაცრი და სრული შესრულებისთვის დემოკრატიის, ადამიანის უფლებების, კანონის უზენაესობისა და თანასწორობის მიმართულებით. ეს ღირებულებები ფუნდამენტურია ევროკავშირისთვის და ნებისმიერი ქვეყნის ევროინტეგრაციისთვის და ეს არა მხოლოდ აახლოებს ქვეყანას ევროკავშირთან, ეს აძლიერებს ნებისმიერ ქვეყანას და ხდის მას მეტად მდგრადს, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დღეს უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიისა ფონზე და ევროპის უსაფრთხოებისთვის და მესამე, მნიშვნელოვანია ფართო რეფორმების გაგრძელება და აჩქარება კიდეც, იმიტომ რომ რეფორმები, რეფორმები, რეფორმები არის გზა ევროპისკენ.

ბოლო აქცენტი, რომელიც მსურს გავაკეთო, არის ის, რომ ამ გრძელვადიან პროცესში საქართველოს შეუძლია შვედეთის იმედი ჰქონდეს.

უკვე ამ დროისთვის 2 ათწლეულის განმავლობაში ჩვენ ერთობლივად განვახორციელეთ 1 მილიარდი ქართული ლარის ინვესტიცია რეფორმების მხარდასაჭერად საქართველოს ევროპული ინტეგრაციისთვის და ჩვენი განზრახვაა, გავაგრძელოთ ჩვენი მხარდაჭერა რეფორმების განხორციელების პროცესში“, – განაცხადა შვედეთის ელჩმა.

დღის გადაცემები