24.11.2024 | 21:45
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
შსს - გამოძიება გრძელდება ყველა იმ პირის დადგენის, იდენტიფიცირებისა და დაკავების მიზნით, რომლებმაც საპროტესტო აქციაზე პოლიციელებზე თავდასხმა და სხვა ძალადობრივი ქმედებები განახორციელეს

ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის - თეიმურაზ კუპატაძის განცხადებით, გამოძიება გრძელდება ყველა იმ პირის დადგენის, იდენტიფიცირებისა და დაკავების მიზნით, რომლებმაც საპროტესტო აქციაზე პოლიციელებზე თავდასხმა და სხვა ძალადობრივი ქმედებები განახორციელეს.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე თეიმურაზ კუპატაძემ განაცხადა, გამოვლენილი დამნაშავე პირები კანონის სრული სიმკაცრით დაისჯებიან.

კუპატაძის თქმითვე, ორი დღის განმავლობაში, საპროტესტო აქციის მონაწილეთა ძალადობრივი ქმედებების შედეგად დაშავდა შინაგან საქმეთა სამინისტროს 58 თანამშრომელი, მათ შორის 5 ამ დრომდე რჩება სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებაში.

"როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, 7 და 8 მარტს, საქართველოს საკანონმდებლო ორგანოს მიმდებარე ტერიტორიასა და რუსთაველის გამზირზე გაიმართა საპროტესტო აქცია, რომელიც არაერთხელ გასცდა შეკრებისა და მანიფესტაციის კანონით დაშვებულ ნორმებს და გადაიზარდა ძალადობრივ ქმედებებში.

პირველ რიგში, ხაზგასმით ვაცხადებ, რომ ნებისმიერ შემთხვევაში კატეგორიულად დაუშვებელია პოლიციელის სიტყვიერი შეურაცხყოფა, მასზე თავდასხმა და მის მიმართ ძალადობრივი ქმედებების განხორციელება.

ორი დღის განმავლობაში, საპროტესტო აქციის მონაწილეთა ძალადობრივი ქმედებების შედეგად დაშავდა შინაგან საქმეთა სამინისტროს 58 თანამშრომელი, მათ შორის 5 ამ დრომდე რჩება სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებაში.

ყველამ კარგად ნახა, როგორ ესროდნენ ცეცხლმოკიდებულ საგნებს, პიროტექნიკას თუ ე.წ. მოლოტოვის კოქტეილებს ჩემს კოლეგებს, რის შედეგადაც რამდენიმე მათგანმა მძიმე ხარისხის დამწვრობა მიიღო.

ასევე, ყველა მედიასაშუალების ეთერში კარგად ჩანდა, აქციის მონაწილეები როგორ ისროდნენ პოლიციის მიმართულებით სხვადასხვა ბლაგვ საგნებს, ქვებს, ხის თუ რკინის ნივთებს, რის შედეგადაც არაერთმა პოლიციელმა მიიღო მძიმე ხარისხის დაზიანება.

შინაგან საქმეთა სამინისტრო სწავლობს პოლიციელების მიმართ განხორციელებული ძალადობის თითოეულ ფაქტს და გამოვლენილი დამნაშავე პირები კანონის სრული სიმკაცრით დაისჯებიან.

გვსურს, საზოგადოებას მივაწოდოთ შემაჯამებელი ინფორმაცია ბოლო დღეების განმავლობაში პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიასა და რუსთაველის გამზირზე განვითარებული მოვლენების შესახებ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების წარმომადგენლები მიმდინარე წლის 7 მარტს, აქციის დაანონსების შემდეგ, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მიზნით, საკანონმდებლო ორგანოს მიმდებარედ განლაგდნენ და საპროტესტო აქციის მშვიდობიანად ჩატარებას უზრუნველყოფდნენ.

თუმცა, დღის ბოლოს აქციის მონაწილეებმა სცადეს პარლამენტის შესასვლელების ბლოკირება.

საზოგადოებრივი წესრიგის აღდგენის მიზნით, გაფრთხილების შემდგომ, საჭიროების შესაბამისად, პოლიციამ თანმიმდევრულად გამოიყენა პროპორციული ძალა და "პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული იძულების სპეციალური საშუალებები

მიუხედავად შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან აქციის მონაწილეების მიმართ არაერთი მოწოდებისა, რომ პროტესტი კანონის ფარგლებში გაგრძელებულიყო, შეკრებილები განაგრძობდნენ ძალადობრივ ქმედებებს ჭიჭინაძისა და ჩიტაძის ქუჩებზე.

დაძაბულობის განმუხტვისა და სიტუაციის დეესკალაციის მიზნით, საპოლიციო ძალებმა აქციის მონაწილეებს გზა გაუხსნეს, გაათავისუფლეს პარლამენტის მიმდებარე ქუჩები და მათ პროტესტის მშვიდობიანი ფორმებით გაგრძელებისკენ მოუწოდეს.

მიუხედავად ამისა, აქციის მონაწილეები პოლიციის თანამშრომლების მიმართულებით გამიზნულად ისროდნენ სხვადასხვა საგნებს - ქვებს, ეგრეთ წოდებულ მოლოტოვის კოქტეილებს, აალებად საშუალებებს, ბლაგვ საგნებს, ფიზიკურად უსწორდებოდნენ და წინააღმდეგობას უწევდნენ მათ. ასევე მიზანმიმართულად აზიანებდნენ სამინისტროს კუთვნილ ავტომობილებსა და პოლიციის სპეციალური აღჭურვილობას.

მოგვიანებით, შეკრებილებმა დაიწყეს პარლამენტის შენობაზე ორგანიზებული თავდასხმა, ეგრეთ წოდებული მოლოტოვის კოქტეილების და პიროტექნიკის სროლა.

ყველამ კარგად ვნახეთ, რომ აქციის მონაწილეებმა საკანონმდებლო ორგანოს შენობას ცეცხლი წაუკიდეს, ესროლეს ქვები, ჩაამსხვრიეს მინები და დააზიანეს რკინის დამცავი ჯებირები.

საზოგადოებრივი წესრიგის მიზანმიმართული, მასობრივი დარღვევა რამდენიმე საათის განმავლობაში, გრძელდებოდა. პოლიციამ, წესრიგის აღდგენის მიზნით, რამდენჯერმე გამოიყენა პროპორციული ძალა და სპეციალური საშუალებები.

სამართალდამცველებმა აქციაზე წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის ფაქტებზე, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების შესაბამისად, 66 პირი დააკავეს.

აქცია საკანონმდებლო ორგანოს მიმდებარე ტერიტორიაზე მეორე დღესაც გაგრძელდა.

სიტუაციის დეესკალაციის მიზნით, პოლიციის სხვადასხვა დანაყოფის თანამშრომლები პარლამენტის შიდა ტერიტორიაზე განთავსდნენ.

პოლიცია მთელი დღის განმავლობაში აქტიურად იცავდა საზოგადოებრივ წესრიგს საკანონმდებლო ორგანოს მიმდებარე ტერიტორიაზე.

"პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში, უსაფრთხოების მიზნით, პოლიცია აქციის მიმდებარე ტერიტორიაზე ახორციელებდა მოქალაქეების ზედაპირულ შემოწმებას, რის შედეგადაც დაკავდა 10 პირი. მათ საპროტესტო აქციაზე მიჰქონდათ ძალადობრივი ქმედებებისთვის გამიზნული კანონსაწინააღმდეგო ნივთები, მათ შორის ელექტროშოკი, ხელკეტი, ქვები, სხვადასხვა სახის პიროტექნიკა.

პარლამენტის წინ შეკრებილ აქციის მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ, მშვიდობიან და უსაფრთხო გარემოში ჩაეტარებინათ საპროტესტო აქცია.

მიუხედავად ამისა, ცალკეული პირების მხრიდან პერიოდულად ისმოდა ძალადობრივი ქმედებებისკენ მოწოდებები.

მას შემდეგ კი, რაც ერთ-ერთმა გამომსვლელმა შეკრებილებს საკანონმდებლო ორგანოს პიკეტირებისკენ მოუწოდა, აქციის მონაწილეებმა მასობრივად დაიწყეს პარლამენტის შესასვლელების ბლოკირება და შენობის პიკეტირება.

შეკრებილებმა დააზიანეს პარლამენტის შენობასთან განლაგებული რკინის დამცავი ჯებირები, შესასვლელი კარები, ჩაამსხვრიეს შენობის მინები, დააზიანეს რკინის ცხაურები, პარლამენტის შენობასა და ეზოში ისროდნენ ქვებს, სხვადასხვა სახის საგნებს და პიროტექნიკას.

შესაბამისად, შინაგან საქმეთა სამინისტროს საპოლიციო ძალებმა, წესრიგის დაცვის მიზნით, სამართალდამრღვევთა ძალადობრივი და აგრესიული ქმედებების აღსაკვეთად, "პოლიციის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებული, შესაბამისი იძულების ღონისძიებები და სპეციალური საშუალებები გამოიყენეს.

პოლიციის მხრიდან დაძაბული სიტუაციის განმუხტვის არაერთი მცდელობის მიუხედავად, რუსთაველის გამზირზე შეკრებილებმა დაიწყეს პოლიციელების მიმართულებით ე.წ. მოლოტოვის კოქტეილების, ქვების, ხის ძელების და სხვა საგნების სროლა.

აქციის მონაწილეებმა დააზიანეს, ამოატრიალეს და ცეცხლი წაუკიდეს შინაგან საქმეთა სამინისტროს კუთვნილ ავტომანქანებს. ასევე, ქვებით დაზიანებები მიაყენეს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ავტობუსს, შეღებეს და დააზიანეს სახანძრო ავტომანქანა. აგრეთვე, დააზიანეს თბილისის მერიის კუთვნილი მატერიალური ქონება.

აქციის მონაწილეები მთელი ღამის განმავლობაში ცენტრალურ გამზირსა და მის მიმდებარე სხვადასხვა ლოკაციაზე არღვევდნენ საზოგადოებრივ წესრიგსა და მართლწესრიგს, წინააღმდეგობას უწევდნენ პოლიციის თანამშრომლებს, აზიანებდნენ ინფრასტრუქტურას და ცეცხლს უკიდებდნენ სხვადასხვა ნივთებს.

მიმდინარე წლის 7-8 მარტს, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე გამართული საპროტესტო აქციის დროს მომხდარ სამართალდარღვევების ფაქტებზე, კერძოდ, პოლიციელებზე განხორციელებულ თავდასხმის ფაქტზე, სამართალდამცველებმა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით დააკავეს ერთი პირი, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების შესაბამისად კი, პოლიციამ ჯამში 133 პირი დააკავა.

დაკავებულთა ნაწილი გუშინვე იქნა წარდგენილი სასამართლოს წინაშე. დანარჩენი პირები კი გათავისუფლდნენ დროებითი მოთავსების იზოლატორში ყოფნის კანონით განსაზღვრული ვადის ამოწურვის საფუძველზე და შემდგომ წარდგენილი იქნებიან სასამართლოს წინაშე.

შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოძიება გრძელდება ყველა იმ პირის დადგენის, იდენტიფიცირებისა და დაკავების მიზნით, რომლებმაც საპროტესტო აქციაზე განახორციელეს პოლიციელებზე თავდასხმა და სხვა ძალადობრივი ქმედებები.

ძალადობრივ ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353 პრიმა და 187-ე მუხლებით მიმდინარეობს", - განაცხადა კუპატაძემ.

დღის გადაცემები