თურქეთი სირიასთან დამატებით ორი სასაზღვრო გასასვლელის გახსნას გეგმავს, რომ სტიქიით დაზარალებულ მეზობელ ქვეყანაში ჰუმანიტარული დახმარების ჩატანა შესაძლებელი გახდეს, - ამის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მევლუთ ჩავუშოღლუმ განაცხადა.
მისი განცხადებით, ამ დროისთვის მოქმედ სასაზღვრო პუნქტებამდე მისასვლელი გზა მიწისძვრის შედეგადაა დაზიანებული და სირიაში ტვირთის ჩატანა რთულდება.
ცნობისთვის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, თურქეთში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 9 057-მდე გაიზარდა
ცნობისთვის, 6 თებერვალს, გამთენიისას, თურქეთში ძლიერი მიწისძვრა მოხდა. 7,8 მაგნიტუდის ბიძგებს მსხვერპლი და ნგრევა მოჰყვა თურქეთსა და სირიაში.
მიწისძვრის ეპიცენტრი თურქეთის ქალაქ გაზიანთეფიდან ჩრდილოეთით, სირიის საზღვრიდან დაახლოებით 90-მდე კილომეტრის მოშორებით იყო. ბიძგები კაიროშიც იგრძნობოდა.
რამდენიმე საათში, თურქეთში კიდევ ერთი ძლიერი, 7.5 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა განმეორდა.
ჯამში თურქეთში მიწისძვრას საქართველოს სამი მოქალაქე ემსხვერპლა.