თურქეთის ქალაქ გაზიანთეფში მცხოვრებმა ელენე ყაფლანმა იმ ვითარების შესახებ ისაუბრა, რომელიც მიწისძვრიდან მესამე დღეს სტიქიის ზონაშია შექმნილი. როგორც საქართველოს მოქალაქე ამბობს, ახლა მთავარი გამოწვევა მაშველების არასაკმარისი რაოდენობა, წყლის და საკვების დეფიციტი და ასევე ყინვებია, რადგან უსახლკაროდ დარჩენილ ადამიანებს ქუჩაში უწევთ ყოფნა.
"ურთულეს სიტუაციაში გვიწევს ყოფნა, რადგან ბიძგები არ წყდება. რამდენიმე წუთის წინაც იყო საკმაოდ ძლიერი ბიძგი. ფაქტობრივად, ქალაქი გაზიანთეფი დანგრეულია, რა შენობებიც გადარჩა, ისიც ინგრევა. ქუჩაში მოძრაობაც კი ძალიან სახიფათოა, რადგან რა დროს დაგექცევა თავზე სახლი, ვერ მიხვდები. ყველაზე დიდი პრობლემა ის არის, რომ მაშველების რაოდენობა არ არის საკმარისი, მიუხედავად იმისა, რომ აქტიურად მუშაობენ. ნგრევა არის ძალიან მასშტაბური, ხალხი ქუჩაშია დარჩენილი, შენობებში ვერ შევდივართ. თავშესაფარია გახსნილი, მაგრამ ამ თავშესაფრებშიც საშიშია შესვლა იმიტომ, რომ ბიძგები არ წყდება. ყველაზე დიდი პრობლემაა, რომ წყალი არ აქვს ქალაქს - წყლის და საკვების პრობლემა გვაქვს და ღამით საშინელი ყინვაა", - ამბობს ელენე ყაფლანი.