ბრიუსელი სავსეა ლობისტებით - ყოველდღიურად 30 000 ლობისტი ცდილობს, გავლენა მოახდინოს 750 ევროპარლამენტარზე, 28 კომისარსა და მათ თანამშრომლებზე, - ამის შესახებ გამოცემა The Brussels Times-ი წერს.
გამოცემის თანახმად, ბოლო მონაცემებით, ევროკავშირის მოქალაქეების არანაკლებ 70%-ს მიაჩნია, რომ ევროკავშირის ინსტიტუტები კორუმპირებულია. ევროკომისიის პირველ ანტიკორუფციულ ანგარიშში ნათქვამია, რომ ევროპის მასშტაბით მექრთამეობით გამოწვეული ზარალი წელიწადში 120 მილიარდ ევროს შეადგენს.
კორპორაციები საკუთარ პიარსა და ლობისტურ საქმიანობაზე მილიარდებს ხარჯავენ, თუმცა დაწყებულია ახალი კამპანია "არადემოკრატიული ლობიზმის" წინააღმდეგ და მის სათავეში ევროპარლამენტარი სვენ გიგოლდი დგას.
ორგანიზაცია Democracy International-მა ჩაატარა გამოკითხვა, რომლის ფარგლებშიც ევროპის მასშტაბით 2000 ადამიანს ჰკითხეს, რა იდეები ჰქონდათ ევროკავშირში კანონის გამჭვირვალობის გასაძლიერებლად ლობიზმის სფეროში. რესპონდენტთა უმრავლესობის შეშფოთება ბრიუსელში ლობისტების აქტიურობას ეხებოდა.
გიგოლდმა, რომელიც ევროკავშირში გერმანიის "მწვანეთა პარტიას" წარმოადგენს, ამცნო Democracy International-ს, რომ შეეცდება, ასახოს რესპონდენტთა ნაწილის პასუხები კანონპროექტში, რომელზეც ამჟამად მუშაობს.
Democracy International-ის სპიკერის განცხადებით, ევროკომისიამ გაითვალისწინა სამოქალაქო საზოგადოების მიერ გამოთქმული უკმაყოფილება.
"მაგალითად, მაღალჩინოსნებს ეკრძალებათ ლობისტებთან შეხვედრა, მაგრამ ეს მხოლოდ 300 ადამიანს ეხება, რაც თანამშრომელთა 1%-ზე ნაკლებია. ეს არაა საკმარისი იმისთვის, რომ ბოლო მოეღოს დიდი ბიზნესის უკონტროლო გავლენას ევროპელ პოლიტიკოსებზე", - აცხადებს Democracy International-ის სპიკერი.