"ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, ამ კანონპროექტმა თავისი 3 მნიშვნელოვანი საქმე გააკეთა: ყველამ აღიარა, რომ აგენტობა სათაკილოა, ყველამ გაიგო იმ ორგანიზაციების შესახებ, რომლებიც არასახელმწიფო საქმიანობაში არიან ჩართულები და ის, რომ ვერასდროს განხორციელდება "ბაკურიანის გეგმა“.
ამასთან, კობახიძემ "ხალხის ძალას“ კანონპროექტის შემუშავებისთვის მადლობა გადაუხადა.
"ამ კანონპროექტმა თავისი მნიშვნელოვანი საქმე გააკეთა სხვადასხვა თვალსაზრისით. ყველამ აღიარა, რომ აგენტობა არის სათაკილო საქმე, ვისი აგენტიც არ უნდა იყო, ეს არის პირველი მიღწევა ამ კანონპროექტის. ასევე, ყველამ გაიგო იმ ორგანიზაციების შესახებ, რომლებიც სხვადასხვა არასახელმწიფო საქმიანობაში არიან ჩართულები, როგორიც არის მაგალითად, მთავრობის გადადგომის მოთხოვნა სცენიდან, რაც არ არის არასამთავრობო ორგანიზაციები საქმე. ასევე, როგორც არის გაუყალბებელი არჩევნების გაყალბებულად გამოცხადება, PVT-ის გაყალბება, ეკლესიის გინება, ლგბტ პროპაგანდა, პროვოკაციების მოწყობა ე.წ. საზღვართან. ეს ორგანიზაციები, სინამდვილეში, არიან არა ქართველი ხალხის აგენტები, არამედ უცხოური გავლენის აგენტები - ეს არის მეორე ინფორმაცია, რაც ამ კანონპროექტმა გაუზიარა ქართველ საზოგადოებას და ძალიან ცხადად და მკაფიოდ. და მესამე მნიშვნელოვანი გზავნილი, რაც აქვს ამ კანონპროექტს არის ის, რომ ვერასოდეს განხორციელება "ბაკურიანის გეგმა“ ანუ NGO-ების ხელით საქართველოში "ნაცმოძრაობას“ ხელისუფლებაში ვერავინ დააბრუნებს. ეს არის სამი მნიშვნელოვანი გზავნილი, რაც ამ კანონპროექტმა მოიტანა. ამისთვის მადლობას ვუხდი "ხალხის ძალის“ გუნდს, რომელმაც დააინიცირა და თითოეულ დეპუტატს, რომელმაც მხარი დაუჭრია პირველი მოსმენის დროს ამ კანონპროექტს“, - განაცხადა კობახიძემ.
მისივე თქმით, მიიღეს პრინციპული გადაწყვეტილება, ბევრ რამეს გაუწიეს ანგარიში და დღეს ეს გადაწყვეტილება იქნა გაფორმებული პარლამენტში.
"შესაბამისად, ჩვენ ვიმოქმედებთ ჩვენი პასუხისმგებლობის შესაბამისად. ჩვენ ყველას ვაჩვენეთ, რომ ადამიანები, რომლებიც ამ მანკიერ ქმედებებს ახორციელებენ, არიან არა ქართველი ხალხის აგენტები, არამედ უცხოური ძალის აგენტები. "სირცხვილია“, "დროა“, ეკლესიის მაგინებლები, მთავრობის გადადგომის მომთხოვნი ადამიანები, ესენი არიან უცხოური გავლენის აგენტები, ისინი მოქმედებენ არა ქართველი ხალხის სახელით, არამედ უცხოური ძალების ინტერესების შესაბამისად. ამაზე ფართო ინფორმაცია მიიღო რეალურად საზოგადოებამ და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი შედეგი“, - განაცხადა კობახიძემ.