შესაკრებთა გადანაცვლებით ჯამი არ იცვლება, ახლაც, რა თქმა უნდა, ამ შემთხვევასთან გვაქვს საქმე, - ასე ეხმაურება "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე "ფორმულას" გენერალური დირექტორის, ზუკა გუმბარიძის განცხადებას, რომ დავით კეზერაშვილი, რომელიც "ფორმულას" 51%-ს ფლობს, 25 პროცენტს ტელეკომპანიის თანამშრომლებს გადასცემს.
ირაკლი კობახიძის მტკიცებით, ფული, რომლითაც ტელევიზია ფინანსდება, ბიზნესის რეკეტს, ჯარის და ევროპელი პენსიონერების ძარცვას ეფუძნება.
"ეს ტელევიზია თავიდან ბოლომდე ფუნქციონირებს ნაძარცვი ფულით. ეს ფული ეფუძნება სამ ძირითად წყაროს: ბიზნესის რეკეტი, ჯარის ძარცვა, ევროპელი პენსიონერების ძარცვა. როდესაც ე.წ. ლიბერალების ნაწილი ამბობს, რომ "თურმე ეს რა გაიგეს", მე მათ მინდა შევახსენო ერთი რამ, რომ კეზერაშვილის დანაშაულების შესახებ დიდი ხანია ცნობილია ქართული საზოგადოებისთვის, ეს არ არის რაიმე ახალი. როცა BBC-დან იგებ რაღაცას და მხოლოდ ამის შემდეგ იჯერებ ვიღაცის დამნაშავეობას, ეს არის გოიმობა, პირდაპირ შემიძლია ვთქვა ეს.
ვინც მიაკუთვნებს საკუთარ თავს ამ ტელევიზიებს და მათ შორის მაყურებელმაც, ყველამ უნდა იცოდეს, რომ ეს ყველაფერი არის ნასაზრდოები სისხლიანი ფულით. კეზერაშვილის ფული არის სისხლიანი ფული, სააკაშვილის ფული არის სისხლიანი ფული", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.