24.11.2024 | 19:48
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
ირაკლი კობახიძე: "ჩვენ სიმართლეს გავიტანთ, ამას საზოგადოების ინტერესებისათვის გავაკეთებთ!"

დამიჯერეთ, ჩვენ სიმართლეს გავიტანთ, ამას საზოგადოების ინტერესებისათვის გავიტანთ, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტების შესახებ განაცხადა.

მისი თქმით, უმრავლესობის წევრებმა მაქსიმალური პატივისცემა ევროპული ინსტიტუტების მიმართ იმით გამოხატეს, რომ ეს კანონპროექტი ვენეციის კომისიაში გააგზავნეს.

"დამიჯერეთ ჩვენ სიმართლეს გავიტანთ, ამას საზოგადოების ინტერესებისათვის გავიტანთ, ამას თავისი მიზეზი აქვს. ახლა გეტყვით, რა არის ცუდი განვითარება, ცუდი განვითარება ბაკურიანის შეკრების დაფინანსება, "სირცხვილიას", "დროას" და სხვა ექსტრემისტების დაფინანსებაა. ამ ძალების მხარდაჭერა ცუდი განვითარებაა. ამ კანონპროექტის მიღების შედეგი იქნება ის, რომ ეს ყველაფერი გამჭვირვალე გახდება და საბოლოო ჯამში ის ძალები, რომელიც საქართველოში რადიკალიზმს და პოლარიზაციას აფინანსებდნენ, მომავალში თავს შეიკავებენ ასეთი ქმედების დაფინანსებისგან, ეს იქნება ამ კანონის შედეგი. ჩვენ გვაინტერესებს შედეგი და ეს შედეგი გამომდინარეობს სწორედ ჩვენი საზოგადოების ინტერესებიდან", - აღნიშნა კობახიძემ.

მმართველი პარტიის თავმჯდომარის თქმით, აღნიშნული კანონპროექტის დაკავშირება კანდიდატის სტატუსის მიღებასთან, არის სპეკულაცია.

"თქვენ ხომ ხვდებით, რომ ეს არის ცარიელი სპეკულაცია, ამ კანონპროექტის დაკავშირება კანდიდატის სტატუსთან არის სპეკულაცია, ერთი მარტივი მიზეზის გამო, ჩვენ მაქსიმალური პატივისცემა ევროპული ინსტიტუტების მიმართ გამოვხატეთ იმით, რომ ეს კანონპროექტი ვენეციის კომისიაში გავაგზავნეთ, რაც თავიდანვე დაპირებული იყო. ეს დამთავრებული ამბავია, ჩვენ ვენეციის კომისიისგან დასკვნას ველოდებით. საზოგადოებას იმაშიც კი ატყუებდნენ, თითქოს კანონი მიღებულია. გუშინ საზოგადოების 90%-მა ტყუილი იცოდა, თითქოს პარლამენტმა ამ კანონის მიღება დაასრულა, ეს ტყუილი იყო. ვენეციის კომისიაში გაგზავნა ნიშნავს ევროპული ინსტიტუტების სრულ პატივისცემას. ჩვენ დაველოდებით ვენეციის კომისიიდან დასკვნას და ამის შესაბამისად, ბუნებრივია, მოქმედებას გავაგრძელებთ. როდესაც გეუბნებიან შენ რაღაცაზე მსჯელობაც კი არ უნდა დაიწყო, ეს არის სახელმწიფოს და საზოგადოების ღირსების შელახვა. ჩვენ დავიწყეთ მსჯელობა იმ თემაზე, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი და რელევანტურია. რაც შეეხება ევროპული ინსტიტუტების პატივისცემას, კანდიდატის სტატუსის მოფრთხილებას, ეს ყველაფერი გამოხატულია სწორედ იმით, რომ დოკუმენტი უკვე ვენეციის კომისიაში გაიგზავნა, მინიმუმ სამი თვე დასჭირდება იქიდან დასკვნის მიღებას და ამის შემდეგ პროცესი გაგრძელდება.

ჩვენ გვაქვს კონკრეტული გამოცდილება ვენეციის კომისიასთან დაკავშირებით. ჩვენ ყოველთვის ვითვალისწინებთ ხოლმე ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს. არის ხოლმე შემთხვევები, რაღაცას არ ვიზიარებთ, მაგრამ ეს არის გამონაკლისი შემთხვევები, მაგრამ იქაც არგუმენტები გვაქვს. პრინციპულად, ჩვენ ვიზიარებთ ვენეციის კომისიის დასკვნებს. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, სპეკულაციურია კამპანია, რომელიც კანდიდატის სტატუსთან ამ კანონპროექტის დაკავშირებას უკავშირდება. საზოგადოება მოატყუეს, თითქოს კანონის მიღება დამთავრებული იყო, საზოგადოება მოატყუეს თითქოს არავის არ ვუსმენდით, ეს ცარიელი ტყუილი და სპეკულაცია იყო. ეს ერთკვირიანი კამპანია იყო, რომელიც გათვლილი იყო ვნებათაღელვის გამოწვევაზე, თუმცა საზოგადოება ძალიან მალე გაიგებს, რომ რადიკალებმა ისინი კიდევ ერთხელ შეცდომაში შეიყვანეს", - განაცხადა კობახიძემ.

დღის გადაცემები